საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი საკანონმდებლო ორგანოში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდნენ.
ნინო წილოსანმა ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათგან წამოსული ინიციატივები საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პარლამენტში სტაჟირების გავლის სურვილისთვის. თქვენ რეალურად გაქვთ კარგი შანსი, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი თავი დაიმკვიდროთ. პარლამენტი არის სივრცე, სადაც თქვენი თავის გამოხატვის მეტი თავისუფლება და ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობა გაქვთ. ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ ეს არის სივრცე, სადაც თქვენი მოსაზრებები და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი აქ ყოფნა იყოს საინტერესო, მათ შორის, დატვირთული სხვადასხვა დისკუსიებით, შეხვედრებით, დეპუტატებთან ურთიერთობებით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და გამოცდილების მიღების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„გილოცავთ, თქვენ ხართ რჩეულები იმ მრავალრიცხოვან მსურველთა შორის, ვინც პარლამენტში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თქვენ მნიშვნელოვან და საინტერესო სამ თვეს გაატარებთ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საშუალება გექნებათ ჩაერთოთ პარლამენტის აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში, შეხვდეთ დეპუტატებს, დაესწროთ პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს“, - აღნიშნა კახა ოქროჯანაშვილმა და სტაჟირების პროექტის მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
სტაჟირების პროექტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.