მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პარლამენტში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყება

ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში, ფრაქციებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და მისი თანდართული მასალების განხილვა დაიწყება.

პროექტის თანახმად, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ია; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი - 4%, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3%-ია; საშუალო ინფლაციის პროგნოზი წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%); ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია; ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - მშპ-ის 35%-ის ფარგლებშია.

აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, ბიუჯეტის პროექტს 7-13 ოქტომბერს განიხილავენ.