მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი რისკი შეიქმნა, რომ წმინდათა წმინდა საკითხი, რომელსაც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ ეწოდება, უკიდურესად დაზიანდეს - ქემოკლიძე

საქართველოსთვის წევრი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე სამი ოპოზიციური პარტიის მიერ „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დაანონსებას და 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას, ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეიძლება მოხდეს ამ იდეის უკიდურესად დაზიანება“.

კახა ქემოკლიძის განცხადებით, შესაძლოა, „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ იდეა უკიდურესად დაზიანდეს.

ამასთან, ქემოკლიძე ამბობს, რომ აღნიშნული იდეის ინიციატორებმა იდეა ძალიან მოუმზადებლად გააჟღერეს. 

„ჩემი აზრით, ეს თემა არასწორი რაკურსით წავიდა, თითქოს გახარიას გუნდი უპირისპირდება ჯგუფს, რომელსაც კარგი ინიციატივა აქვს და ა.შ. გახარიას გუნდი ამას კი არ უპირისპირდება, არამედ იმას, რომ შეიქმნა ძალიან დიდი რისკი, რომ წმინდათა წმინდა საკითხი, რომელსაც ეწოდება „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ და ბოლო 30 წლის უახლოეს ისტორიას ავიღებთ, ეს მართლაც წმინდათა წმინდა საკითხია, შეიძლება მოხდეს ამ იდეის უკიდურესად დაზიანება. რატომ? 

ადამიანებმა ეს იდეა, ჩემი აზრით ძალიან მოუმზადებლად გააჟღერეს. როდესაც ასეთი ინიციატივა გაქვს, რომელსაც „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ უწოდებ, პრაქტიკა ადასტურებს იმას, რომ ჯერ იდეა კი არ უნდა გააჟღერო და მერე კი არ უნდა დაიწყო მომზადება, არამედ ჯერ უნდა მოამზადო სრულიად საქართველო, სრულიად ერი, პოლიტიკური სპექტრი და ამის რესურსი და კალიბრი უნდა გქონდეს. ამის ისტორიული წარსული და ავტორიტეტი სჭირდება. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა, ისინი ამ მიზანს და ამოცანას ემსახურებიან, კარგად თუ ცუდად ამას ქართული საზოგადოება შეაფასებს“, - ამბობს კახა ქემოკლიძე.

რაც შეეხება თავად გახარიას პარტიას, კახა ქემოკლიძის თქმით, გახარიას გუნდს ძალიან მკაფიო ამოცანა აქვს. 

უფრო კონკრეტულად კი, ქემოკლიძის თქმით, გახარიას გუნდის სტრატეგიაა წინ დადებულ ნაღმებს გვერდი აუაროს და დანიშნულების წერტილამდე ისე მივიდეს, რომ არ აფეთქდეს. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ 2024-მდე ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი და სპექტრი უახლოეს ნაღმზე აფეთქებულები არ მივიდეთ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მომენტალურად იდება კვირაში სამ-ოთხჯერ. 

ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ზედაპირზე დადებულ ნაღმზე მომენტალურად ფეთქდება. ნაღმის გვერდით ავლა ჯობია, მასზე აფეთქებას. გახარიას გუნდი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში უკვე მოსულია. გახარიას გუნდის სტრატეგია არის ის, რომ როდესაც ნაღმებს დაგიდებენ, ისე უნდა შემოუარო და შენი დანიშნულების წერტილამდე ისე უნდა მიხვიდე, რომ არ აფეთქდე. თუ ამას მოახერხებ, ჩათვალე რომ მოძრაობ“, -  დასძინა კახა ქემოკლიძემ.  

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროამ“ 24 თებერვალს სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დაწყება დააანონსეს. 

ამავე თემაზე: 

„ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს