ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.
პრეზიდენტმა სტუმრებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ ატმოსფეროს შეცვლა, რომელიც ქვეყანაშია.
ზურაბიშვილის თქმით, ის რომ თუნდაც დღეს ერთად დგანან ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტი, პოზიტიური ნაბიჯია.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.
„მოგილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს. არ დავმალავ, ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს.
ამით არაფერი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა პოზიტივია და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას და რომელმაც რეალურად ჩაძირა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე.
ამიტომ, ამ პროცესის დაწყება მგონი დროულია და გეტყვით რატომ მივიჩნევ, რომ ეს არის დროული. ერთი მხრივ იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ზრდასრული სახელმწიფოა და დროა ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, სერიოზულ პოლიტიკაზე.
მართალია ძალიან ბევრი მოვლენები იყო და ბევრი პროცესი გავიარეთ, სადაც გამონაკლისი პერიოდების გარდა, სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო ორი ბანაკი. ეს არის ის რაც გავიარეთ, რაც ვიცით. წარსულის ფურცლები, რომლებიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, ის ფურცლებია, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს.
საზოგადოება არა დაღლილი, არამედ გადაღლილია. ყველგან ისმის, რომ ეს მძიმე მდგომარეობა გაუსაძლისია, ამ დროს ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა თუ საით უნდა წავიდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის მთავარი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ეს არის შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც დაყოფილია. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სანამდე მიგვიყვანს ეს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ინფორმაციისთვის, მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება, მათ შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.