კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ყველამ მოისმინა თანამდებობის პირებისთვის ქრთამის შეთავაზებაზე ლევან ხაბეიშვილის მოწოდებები და აღნიშნა, რომ ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ მის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებას რაც შეეხება, ერთია პოლიტიკური და მეორეა – სამართლებრივი შეფასება. ყველამ კარგად ვნახეთ მისი პირდაპირი მოწოდებები, ქრთამის შეთავაზება თანამდებობის პირებისთვის. ე.წ. პოლიტიკოსი კარგად უნდა ხვდებოდე, რომ თითოეულ შენს სიტყვას, მოწოდებას უნდა უფრთხილდებოდე. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის აუდიტორიაზეა საუბარი. სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, შენობების მშვიდობიანი დაწვა, პოლიციელების მშვიდობიანი დასახიჩრება – კარგად ვნახეთ მათი სახე. პირდაპირ ეთერში ვისმენდით დანაშაულის შემცველ მოწოდებებს, რომელიც ეხებოდა ქრთამის მიცემას და შეთავაზებას მოქმედი თანამდებობის პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის. აქაც მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები გააცნობენ საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობას“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ამასთან, ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„თუ არ ვცდები, გადამალვის ფაქტზე დააკავეს. ინდულგენცია ვერავისთვის იქნება პოლიტიკოსობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს. საუბარი როდესაც გვაქვს კანონის დარღვევაზე, კანონის უპატივცემულობაზე, სამართალდარღვევაზე, ინდულგენცია არ ვრცელდება არავისზე. ასე რომ, ვინც დაარღვევს კანონს, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მოქმედ, თუ არამოქმედ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც არღვევ კანონს, გიწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს უნდა გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.