ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობები აღდგეს, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და ამერიკულ მხარეს ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყოს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც გაიწერება დროსა და სივრცეში ყველა ის გადასადგმელი ნაბიჯი, რაც გადასადგმელია ჩვენი მხრიდან, რათა ორმხრივად სარგებლიანი იყოს ეს თანამშრომლობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ურთიერთობების გაფუჭება „დიფ სთეითის“ წამოწყებული იყო.
„ჩვენ ვსაუბრობთ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც აშშ-ში ფესვები აქვს გადგმული. ვიცით, რომ ბატონი ტრამპი ღია ბრძოლაშია შესული ამ ძალებთან - „დიფ სთეითს“ უწოდებს. შესაბამისად, „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.
ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება, რაც მოხდა წინა ადმინისტრაციის პირობებში - ვიცით, რომ „დიფ სთეითს“ დიდი გავლენა ჰქონდა წინა ადმინისტრაციაზე, მის მაღალჩინოსნებზე, რაზეც ახლა ღიად საუბრობს დაზვერვის შეფი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ამ ურთიერთობების გაფუჭება „დიფ სთეითის“ წამოწყებული იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობის გამოსწორების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ აშშ-ში „დიფ სთეითის“ გავლენები შესუსტდეს, თუ დამარცხდება, მაშინ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას და რეალური პარტნიორობის დაწყებას წინ ნამდვილად არაფერი უდგას.
ვერავინ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაგვძრახავს, რომ რაიმე ისეთი ტიპის ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ან ისეთი გზავნილი გვაქვს გაშვებული, ან ისეთი ტიპის პოლიტიკური განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომელსაც შეეძლო, თეორიაში, ხელი შეეშალა ამ ურთიერთობების გადატვირთვაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მათი სურვილია, ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მალე მოიცალოს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაჩქარებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ბატონ ტრამპს ძალიან სერიოზული და მსხვილი პრობლემები აქვს დასალაგებელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო დაპირება რაც იყო, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება, იგი სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ახერხებს, თუმცა ძალისხმევას არ იშურებს, რათა ომი დასრულდეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.