„მათი ძირითადი ამოცანა არის ინსტიტუტების, სასამართლოს და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაცია და ისინი ამისთვის ძალიან სერიოზულ დაფინანსებასაც იღებდნენ წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით.
„აბსოლუტურად ყველა გახმაურებული საქმე, რომელზეც ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური იარლიყი მიეწებებინათ და რაც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით.
მათთვის ძალიან კარგად არის რეალობა ცნობილი, ისინი მართლა ენდობიან სასამართლოს, თუმცა მათი ამოცანა და დავალება არის ის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი, როგორც დანარჩენი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტების“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.