„მიშა ამ ასაკში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე იყო ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი. როგორ გითხრათ, ახალგაზრდობას ყოველთვის ახლავს ზედმეტი რისკი, ნიჭიერი პოლიტიკოსი ბევრად უფრო საინტერესოა ამ ასაკში“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
თაკო ჩარკვიანმა ე.წ. შერიგების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის შეთანხმება რეფორმებთან დაკავშირებას ნიშნავს.
ჩარკვიანი აცხადებს, რომ რეფორმების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.
„ეს იცით რა არის? უბრალოდ ახსენებ ხელისუფლებას, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობს სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს პოზიციის გამოხატვაა და არაფერი აგრესია არ არის. გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის პირადად შეთანხმება აბსოლუტურად რეფორმებთან დაკავშირებას ნიშნავს. შერიგება მართლა ნეკი ნეკისა ხომ არ არის? სამართლიანი რეფორმები დიდ ამნისტიას გულისხმობს.
რეფორმების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება, ჩვენ შეუთანხმებლობა მაშინ გვაქვს, როცა არ არის ჯანმრთელი სამართლებრივი სისტემა, მაშინ არის გახარებული მტერი და რუსეთი ყოველთვის იყენებს არასამართლებრივ სისტემას.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ხელისუფალი გადაიქცევა ურჩხულად ამ სამართლებრივი სისტემის ფონზე, როგორც კი რეფორმებს მიაღწევს ჩვენი ქვეყანა, პირიქით, მიშა ამ ასაკში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე იყო ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი. როგორ გითხრათ, ახალგაზრდობას ყოველთვის ახლავს ზედმეტი რისკი, ნიჭიერი პოლიტიკოსი ბევრად უფრო საინტერესოა ამ ასაკში, მით უფრო თუ დავახვედრებთ რეფორმირებულ სამართლებრივ სისტემას. ნებისმიერი პოლიტიკოსი საშიშია მახინჯი სამართლებრივი სისტემის დროს“, - აღნიშნა ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
„დიახ, შეხვედრებზე გადავიდა, წამოწყებას დიდი სიამოვნებით მივესალმები. მოუწევს დიდი ბარიერების გავლა, თუ ის გადალახავს და თავის ხასიათს გამოავლენს, ძალიან გამიხარდება“, - დასძინა თაკო ჩარკვიანმა.