„შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიღებაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა შერიგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ შერიგების პროცესში პასუხისმგებელი იყოს.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არათუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილი არის წარუმატებლობისკენ. იმიტომ, რომ საჭიროა ბოლომდე მიხვიდე, დაინახო უფსკრული და მერე მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება, პოლიტიკური წრეეებისგან და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
ამიტომ ის 3 წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად მივიჩნევ, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. ამის შემდეგ და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია, ერთი ამბიცია მაქვს, რომ როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დავიწყოთ.
თქვენი ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. აქ ყველა არ იმყოფება და ეს გასაგებია ჩემთვის. იმიტომ რომ არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს, მოწვევაზე ვიღაცას შეუძლია ან არ შეუძლია მოსვლა. ამიტომ არ ვთვლი, რომ ეს შეურაცხყოფაა.
ბევრი სხვა საშუალება იქნება იმისთვის, რომ დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია. მინდა გითხრათ როგორი არის ის პროცესი, რომელსაც მე ვხედავ. ეს არის საწყისი პროცესი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არ მაქვს ჩამოყალიბებული წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც შემდეგ აღარ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც ყველას ჩართულობით უნდა იყოს და პირველი ეტაპი ამ პროცესის მოსმენა უნდა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესი უნდა ეყრდნობოდეს მთავარ პრინციპს, ერთი არის ინკლუზიურობა.
„გასაგებია, რომ იქნება კრიტიკა, სკეპტიციზმი და ეს ჩვენი დღევანდელი ყოფის ნაწილია. ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს მთავარ პრინციპს, ერთი არის ინკლუზიურობა, დღეს ყველა არის პოლარიზებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეებით და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა, მესმის სხვადასხვა მხრიდან წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი.
თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ცუდად იყო გაგებული და დაიწყო ამაზე გარკვევა როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და გაგებით, როცა წარსულს ეხება, ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამავე თემაზე:
✔️ „დროა ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ და უფრო დამწიფებულ, სერიოზულ პოლიტიკაზე გადავიდეთ“ - პრეზიდენტი