მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

28 იანვარს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა შესრულდება

ფრენა

Georgian Airways-ი 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ფრენას შეასრულებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს Georgian Airways-ში განუცხადეს. 

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენის შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით ავიაკომპანიამ ინფორმაცია ფეისბუკგვერდიდან წაშალა.

როგორც კომპანიაში Pia.ge-ს განუცხადეს, ფრენა ერთჯერადად სრულდება. 

ავიაკომპანიის ვებგვერდზე თბილისი-მოსკოვის მიმართულების ბილეთები 26 იანვრის დილის 11:00 საათის მონაცემებით 718 ლარი იყო. ამავე გვერდის ინფორმაციით, რეისი 28 იანვარს 10:00 საათზე შესრულდება და მოსკოვში 11:30 საათზე იქნება. 

მოსკოვიდან თვითმფრინავი 28 იანვარს 12:30 საათზე გამოფრინდება და საქართველოში 16:00 საათზე იქნება. ბილეთის ფასი 621 ლარიდან იწყება.

Pia.ge მოსკოვში დაგეგმილ პირდაპირ ფრენასთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა. 

აბაშიძის განცხადებით, რეგულარული ფრენები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ აღდგენილა.

„ტექნიკური პროცედურაა ავიაკომპანიებს შორის შეთანხმებით. რეგულარული რეისების აღდგენა არ აღდგენილა. ჩარტერული რეისი როგორ სრულდება ალბათ, ავიაკომპანია მოგახსენებთ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.  

ცნობისთვის, საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა. ავიამიმოსვლის შეჩერებას წინ  უძღოდა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.