მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა ვერსია განიხილება, შეიცვლება თუ არა გოგონას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?

მოკლული გოგო

დიდ დიღომში გაუჩინარებულ გოგოს მეზობლები, ახლობლები და სამართალდამცველები 16 მარტის 23:00 საათიდან ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე სკვერთან გარდაცვლილი იპოვეს.

12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სპეციალისტები სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად საკვებით გამოწვეული ასფიქსია სახელდება.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნის წინასწარი შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.) მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოზარდს ყელის არეში მცირე დაზიანება აღენიშნებოდა.

ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

მანუჩარ დვალი, გოგონას ბაბუა აცხადებს, რომ საღამოს 9 საათისთვის ანა უფროს დეიდაშვილთან ერთად, ეზოში სასეირნოდ გავიდა.

მისი თქმით, დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.

„12 წლის ბავშვი არის ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო. აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ“, - აცხადებს გარდაცვლილი გოგოს ბაბუა. 

ადგილობრივების განცხადებით, ბავშვის გაუჩინარებამდე მათ არ გაუგიათ ყვირილის ხმა.

„გარდაცვლილის დედამ, ჩემმა დისშვილმა თქვა, რომ დუჟი ჰქონდა პირში. ძალადობა, გაუპატიურება არა, კაბა და კოლგოტკა გახეული ჰქონდა. კრიმინალისტმაც მითხრა, რომ ყელთან ჩალურჯებული ჰქონდა. ექსპერტიზიდან დაგვირეკეს უნდა გავკვეთოთო, ჩემი დისშვილი გაგიჟდა, არ მაინტერესებს არაფერი, არ გაკვეთოთო“, - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა. 

ამასთან, ერთ-ერთი ადგილობრივის ვერსიით, მოზარდი სავარაუდოდ, მაშინ მოიყვანეს ადგილზე, როცა უკვე ის გარდაცვლილი იყო.

„არაფერი ხმა არ გვესმოდა, არაფერი ხმა არ გამიგია, ოდნავ მაინც რომ ეკივლა იმ ბავშვს, მე აუცილებლად გავიგებდი. ვფიქრობ გარდაცვლილი იყო როცა აქ მოიყვანეს, დაახლოებით 2 საათი იქნებოდა“, - აცხადებს ადგილობრივი. 

ტერიტორიაზე, სადაც ანა იპოვეს, გარე განათება არ არის და მთლიანადაა გარშემორტყმულია ბუჩქებით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებს.

ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც 12 წლის მოზარდი იპოვეს, რამდენიმე გარე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ერთ-ერთი კამერა იქვე, მშენებარე ობიექტზეა დამონტაჟებული, მეორე - ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე საკვებ ობიექტზე. 

ადგილობრივები მომხდარის გამო შეშინებულები არიან. ისინი მოითხოვენ როგორც მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებას, ისე ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის გასუფთავებას და ტერიტორიაზე გარე განათებების დამონტაჟებას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი - დიდ დიღომში გარდაცვლილი  გოგოს ბაბუა

👉 ოდნავ მაინც რომ ეკივლა იმ ბავშვს, მე აუცილებლად გავიგებდი - 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები

👉 დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს