მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„კალაძემ ხო მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება „ჭ“ კლასის ხალხს, მის ადგილას მე გადავდგებოდი“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს. მისი თქმით, ტრაგედია თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა, რადგან ასეთი პროექტების შესრულებას „ჭ“ კლასის კომპანიებს ანდობს. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„კალაძის ადგილას მე გადავდგებოდი აუცილებლად, მაგრამ დავიბარებდი, რა არის გამოსასწორებელი სისტემურად. ეს არის ის, რომ აკრედიტაციის ეროვნული ბიურო უნდა გახდეს ადეკვატური და უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის საქმეს. სწორი იქნება, კალაძემ შეიჩეროს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

პრობლემის თავია, როდესაც მერიის სატენდერო ჩანაწერში წერია ასეთი რამ: კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციას შეასრულებს, მათ შორის, შადრევნების ან კასკადის, სამხარაულის ექსპერტიზის ან აკრედიტებული კომპანიის დასკვნა უნდა წარმოადგინოსო. ვინ არიან ეს აკრედიტებული კომპანიები? სამხარაული ძვირი ღირს და „ჭ“ კლასის კომპანიები - იაფი. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე „ჭ“ კლასის კომპანიასთან, რომელიც ამბობს, ხარჯთაღრიცხვას ვამოწმებდიო. აი, ეს არის სისტემური პრობლემა. ოფისი რომ არ აქვს კომპანიას, როგორ შეიძლება, ასეთი საკითხები ანდო.

დღეს ის, რომ „გრინსერვის პლუსზე“ და ფურცხვანიძეზე მიდის ხელის შეწმენდა, კატეგორიულად მიუღებელია. „გრინსერვის პლუსი“ პასუხისმგებელი იყო ვაკის პარკში არსებულ ვითარებაზე, სანამ ჩააბარებდა მიღება-ჩაბარების აქტს. 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და მერიამ თავის ბალანსზე წაიღო ვაკის პარკი. 26 აგვისტოს შემდეგ პასუხისმგებელია მერია. მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაიფორმეს, მათ ბალანსზე გადავიდა და ვაკის პარკზე პასუხისმგებლები იყვნენ ისინი. ვნახეთ, რამხელა კაბელები ეყარა, ხო? ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამხელა კაბელები რომ გიყრია იმ შადრევანში და ზემოდან წყალს ასხამ, ეს საშიშია, აბა, რა არის? ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი იყო თბილისის მერია. სისტემური ხარვეზის გამო მოხდა ეს, იმიტომ, რომ ასეთ ტენდერებს აცხადებს, რომელიღაც „ჭ“ კლასის კომპანიებს, ცალი ფეხის გამოცდილება რომ აქვს, აძლევ ასეთ ამბავს.

თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს, რომ „ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქს“, „მე გავხსენი, მე დავახარჯინე ფული“, ხომ მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, ხომ გაიკეთა პიარი და მეორე დღეს ასეთი რამ როცა ხდება, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება „ჭ“ კლასის ხალხს?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.