საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი საქართველოს გავლით სომხური „მაცუნის“ ტრანზიტის აკრძალვას გამოეხმაურა. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია პროდუქტი მაწონი, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოსთან არის დაკავშირებული.
„მაწონი“- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის განსაკუთრებული თვისებები და რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან (საქართველოს ტერიტორიასთან) და ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული“- ვკითხულობთ საქპატენტის განცხადებაში.
„მაწონი“ - ძროხის, კამეჩის, თხის და, იშვიათად, ცხვრის რძისაგან, ან მათი ნარევისგან მიიღება. რძის რძემჟავურ დუღილს წარმართავს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო. მაწვნის დამზადება საქართველოში, საოჯახო პირობებში, უხსოვარი დროიდან წარმოებს.
რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა? ის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
კანონმდებლობით აკრძალულია რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ პროდუქციასთან კავშირში, რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია. დაუშვებელია რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას.
,,მაწონი“ სხვა ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან ერთად, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დაცულია ევროკავშირის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზეც.
რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - ვკითხულობთ საქპატენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით პროდუქციის სახელწოდებით „მაცუნის“ ტრანზიტი აიკრძალა. აღნიშნულ ფაქტს სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
მისი თქმით, მეზობელი ქვეყნები სომხებს ეროვნულ მემკვიდრეობას ჰპარავენ.
⭕ ეს სომხების ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაა - მაკარიანი „მაცუნის“ შესახებ
⭕ საქართველოს გავლით სომხური „მაწუნის“ ტრანზიტი აიკრძალა
⭕ „მაწონი სომხურია, იმის ნაცვლად, რომ ხმა ავიმაღლოთ, ქართველები გვჩაგრავენ“ - სომხეთის ყოფილი პრემიერი