მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება? - დავით ძიძიშვილის რეკომენდაციები

დავით ძიძიშვილი

ჰიბრიდული ომების მკვლევარი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს როგორ დაიცვან თავი დარბევის დროს. 

„ჩემი სტუდენტების უმრავლესობა ახლა რუსთაველზეა. იმათთვის და ყველასთვის ვისაც დაგჭირდებათ:

როგორ დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება👇

✔️ დაიცავით თვალები (მხოლოდ იმ საშუალებებით, რომელიც არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს) და არ დაგავიწყდეთ, რომ რეზინის ტყვიით დაზიანებული სათვალე შესაძლოა უფრო მეტად დამაზიანებელი აღმოჩნდეს თვალებისათვის

✔️ შეძლებისდაგვარად მოიხსენით ოპტიკური ხელსაწყოები. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური დარტყმაგამძლე (ე.წ. ბალისიტიკური) სათვალე

✔️ სირბილის დროს ცრემლსადენი გაზის ეფექტი უფრო სწრაფად ამოქმედდება, ამიტომ იარეთ სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ არ ირბინოთ

✔️ თუკი თვალები აგეწვათ, არ გაიკაროთ წყალი!

✔️ უახლოეს აფთიაქში შეიძინეთ ფიზიოლოგიური ხსნარი და ბამბის ტამპონები. დაასველეთ ტამპონები ფიზიოხსნარში და მოიწმინდეთ ქუთუთოები გარედან. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ სოდიანი წყლის ხსნარი და იმის საშუალებით მოიწმინდოთ თვალები.

✔️ თუკი „რკინის“ გემო იგრძენით, ე.ი უკვე ხართ გაზის ზემოქმედების ქვეშ ამიტომ მოემზადეთ იმისთვის რომ თვალებიც სულ მალე დაიწყებს წვას და არ შეგეშინდეთ!

✔️ თუკი ხუთვის შეგრძნება გაჩნდა - გაინთავისუფლეთ სასუნთქი გზები, შეიხსენით მჭიდროდ მოჭერილი ღილები. გამოერიდეთ მჭიდრო თავშეყრის ადგილს

✔️ გაზი ჰაერზე მძიმეა, ამიტომ ეცადეთ იპოვოთ შემაღლებული ადგილები

 წყლის ჭავლი მრავალჯერ ზრდის გაზის მოქმედების ძალას, ამიტომ თუ დასველდით, ეცადეთ არ მოჰყვეთ გაზის ზემოქმედების ზონაში

✔️ წყლით (უმჯობესია სოდიანი წყლით) დასველებული ცხვირსახოცი, ბენდენა, ნაჭერი დაგეხმარებათ სასუნთქი გზების დაცვაში

✔️ დაასველეთ ნაჭერი და აიფარეთ პირზე და ცხვირზე და ისუნთქეთ ასე

✔️ პირბადე (ჩვეულებრივი სამედიცინო) ვერ დაგიცავთ გაზისაგან, იგი ხელს შეგიშლით სუნთქვაში

✔️მოიხსენით აქსესუარები, რომლებზე მოქაჩვის ან დაჭერის შემთხვევაში შესაძლოა შეფერხდეს თქვენი მოძრაობა, მოგაყენონ ტკივილი. (საყურე, ძეწკვი და ა.შ.)

✔️ ცრემლსადენი გაზის კაფსულა ცხელია და ხელის მოკიდება რეკომენდებულია ისე, რომ ხელი არ დაიწვათ. თუ კაფსულა არ გასკდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელში არ გასკდება, ამიტომ მოსცილდით იმ ტერიტორიას, სადაც კაფსულა დავარდა

მე ახლა რუსთაველზე იმიტომ ვერ ვდგავარ, რომ ნაოპერაციები ვარ და ვერ გადავადგილდები ნორმალურად. ვინც ჩემსავით ხართ მესმის, მაგრამ ვინც არა ახლა ამაზე მეტად მნიშვნელოვანს რას აკეთებთ არ ვიცი“, - წერს დავით ძიძიშვილი.

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სპეცრაზმელები. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 პარლამენტთან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

👉 🎥 აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს - პარლამენტთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია

👉 პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

👉 „რუსებო“, მონებო“ - პარლამენტთან დაპირისპირებაა

👉 ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს