მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

საპატიო თბილისელების დაჯილდოება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს, „თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას.

თბილისი თავად არის სასწაული - ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი - მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.

ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ,
თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი
დაატყვეს ქალაქს.

საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:

ზურაბ თურმანიძე - ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;

თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი;

ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი;

ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთო გეოლოგი;

გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი;

თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;

თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე;

თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი;

დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი;

ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი;

არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი;

თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი;

გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი;

ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი;

რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;

თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;

ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი;

ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი;

ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;

ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი;

თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი;

ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი, ფილმ „სოფიკოს“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი;

მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ჯიმი ყიფიანი - იურისტი.

„ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობა
გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს.

თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ
ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.