ამ წლის 19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე 50 სასულიერო პირს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ღირებულებითი განათლების პროგრამა 2024 წლიდან შემუშავდა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით, რაც საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში და პროგრამაში ჩართულია 1000-ზე მეტი საბაზო საფეხურის მოსწავლე. მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა არაფორმალური განათლების გზით ააქტიურებს მესამე კატეგორიის ცოდნას, ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესს და საბოლოო შედეგით აჯანსაღებს საზოგადოებას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.