თავად განსაჯეთ, რა „ლოგიკაში“ ჯდება ევროკომისიის განცხადება, რომელმაც დაუკვეთა კვლევა, ფული გადაიხადა, კვლევის შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა, და აცხადებს, რომ არავითარი კავშირი კვლევასთან არა აქვს, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას ეხმიანება.
ანჯაფარიძის თქმით, ევროკავშირს აქაც ორმაგი სტანდარტი აღმოაჩნდა, ვინაიდან, აღიარებენ მხოლოდ იმ რეალობას, რაც ევრობიუროკრატიის ინტერესებს აწყობს, ხოლო, კვლევასთან, რომელშიც საქართველოს კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდა, კავშირი უარყვეს.
„თავად განსაჯეთ, რა „ლოგიკაში“ ჯდება ევროკომისიის განცხადება, რომელმაც დაუკვეთა კვლევა, ფული გადაიხადა, კვლევის შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა, და აცხადებს, რომ არავითარი კავშირი კვლევასთან არა აქვს.
შემიძლია მოგიყვანოთ არაერთი მაგალითი, როდესაც ევროსტრუქტურებს სხვადასხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის დაუკვეთავთ კვლევა, მათ შორის საქართველოზეც. ასეთი კვლევები ევროკავშირს აწვდის რეალურ ინფორმაციას.
თუმცა, ეტყობა ევროკავშირში აქაც ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. აღიარებენ მხოლოდ იმ რეალობას, რაც ევრობიუროკრატიის პოლიტიკურ ინტერესებს აწყობს, ხოლო რაც არა, იმისგან თავს შორს იჭერენ, როგორც ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კარგი მაჩვენებლები აღმოაჩნდა.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების, რომ 2028 წლამდე გადაედო ევროკავშირთან მოლაპარაკებები წევრობაზე, იყო ის რომ ამჟამინდელ ევრობიუროკრატიასთან, მოლაპარაკებების წარმოება კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
2029 წელს ევროპარლამენტის ახალი არჩევნებია, რომელიც ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს, რომელსაც იმედი დავიტოვოთ, უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ“,- წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.