მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ვილი სანიოლი: ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველას აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია

ვილი სანიოლი
1759511346
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან დაიწყებს.

შემადგენლობის დასახელების შემდეგ ვილი სანიოლი ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთელებისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, თავდამსხმელებისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა. თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ შეტევა არაა მნიშვნელოვანი, არამედ დაცვაც. ჩვენ კი ბოლო დროს განსაკუთრებით დაცვაში გარკვეული გამოწვევები გვქონდა, სადაც თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ახლა ჩემი მოვალეობაა, სწორი ბალანსი ვიპოვო. რა თქმა უნდა, რაც უფრო თავდაჯერებულია ფეხბურთელი, ეს უფრო მეტად გვეხმარება. კარგია, რომ მიქაუტაძე კარგ ფორმაშია, რადგან „ვილიარეალმა“ მასში ძალიან დიდი თანხა და გადაიხადა და ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ფორმაშია.

როდესაც ესპანეთსა და თურქეთთან გასვლაზე უნდა ითამაშო, კონკრეტულად საუბარი ძნელია, განსაკუთრებით ესპანეთზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი ისევ წინსვლა და განვითარებაა. ვფიქრობ, თუ ამას შევძლებთ, შედეგებიც სასურველი იქნება.

დოლტმურზიევს რაც შეეხება, ყველა კანდიდატს ვაკვირდებით, ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ამ ეტაპზე არ განიხილება ნაკრების წევრად. გაგუას ივნისში დავაკვირდით და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ის, რაც დავინახეთ. ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და გარკვეული თვისებები სჭირდება. თვითონ ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა, რომ მათ დაგვიმტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ.

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული ნაკრების განვითარება, თუმცა ამავდროულად შედეგების მნიშვნელობასაც ვაცნობიერებ. ასეთი მაღალი დონის თამაშები მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა დავინახოთ, რა ეტაპზე ვართ. კონკრეტული შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მოგება ან წაგება მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არაა. ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველას აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია. ისაუბრონ ჩვენზე, როგორც რთულ და სერიოზულ მეტოქეზე.

კიტეიშვილზე არაერთხელ მისაუბრია და ყოველთვის აღვნიშნავთ მის მნიშვნელობას. გოლი, რომელიც გუშინ გაიტანა, მას მეტ თავდაჯერებას შესძენს. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მშვიდად მძინავს, როცა ვიცი, რომ ის კარგადაა და სათამაშოდ მზადაა.

ჩაკვე რთულ სიტუაციაშია, მოგეხსენებათ, 7 თვეა არ უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, მარტის მატჩებისთვის მზად იქნება, რომ ნაკრებს დაეხმაროს. ყველამ იცის და თვითონაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია.

ფაქტია, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს. საზონოვი არ თამაშობს, ხვადაგიანს ტრავმა აქვს, ლოჩოშვილს დისკვალიფიკაცია, ბევრი ფეხბურთელი ფორმაში არაა. ჩემთვის იდეალური მდგომარეობა არაა, მაგრამ როგორც მწვრთნელმა, რეალობას თვალი ყოველთვის უნდა გავუსწორო და უნდა ვეცადო იმ რესურსით მივაღწიოთ სასურველ შედეგს, რომელიც გვაქვს.

გოჩოლეიშვილისთვის დიდი გამოწვევაა ისეთ კლუბში თამაში, როგორიც „ჰამბურგია“, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ბუნდესლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ჩემპიონატში თამაში“, - განაცხადა სანიოლმა.