მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილს ერთი სული ჰქონდა გაცლოდა პოლიტიკას“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილსა და პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს. 

პოლიტოლოგის თქმით, ბიძინა ივანიშვილს „ერთი სული ჰქონდა პოლიტიკას გაცლოდა“.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკის დატოვება ყოველთვის იდგა ივანიშვილისთვის დღის წესრიგში.

„ზოგადი შეფასება ასეთია, ივანიშვილმა გაიხსენა კიდეც ის პერიოდი, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა. კონკრეტულად გაიხსენა ის ფრაგმენტი, როდესაც მას უთხრეს, რომ „აჰა ახლა ქვეყანას შენ მოუარე“.

მე თავად ვიყავი ანალოგიური დიალოგების მოწმე, მაშინაც მისი პოზიცია იყო, რომ ძირითად ამოცანად მიიჩნევდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას სააკაშვილის ხელმძღვანელობით, დემოკრატიული მექანიზმების შემუშავებას. ამბობდა კიდეც, 2-3 წელიო და მერე წავალო.

ეს „მერე წასვლა“ ყოველთვის იდგა მისი პოლიტიკაში ყოფნის უკან. ასე ვთქვათ, ერთი სული ჰქონდა გაცლოდა პოლიტიკას. ამბობდა კიდევ, რომ „პოლიტიკა ჩემთვის უფრო რთული სფერო არ არისო“.

ამიტომ, ის ფაქტი, რომ დღეს გამოაქვეყნა ეს წერილი, ჩემთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა. ეს ადამიანი სულ ცდილობდა, რომ გაცლოდა პოლიტიკას და მთელი ის ბრალდება, რომ არიქა ძალაუფლებას არ უშვებს ხელსო, არაადეკვატური ბრალდებაა. მისი ადრინდელიც და ახლანდელიც ნაბიჯი ამის დასტურია.

რაც შეეხება იმას, რომ 3 წელიწადზე მეტ ხანს გაძლო მან ამ პოლიტიკაში, სწორედ იმიტომ რომ, აღმოჩნდა, რომ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ის ვარაუდობდა, ეს პრობლემები არ იყო სამ წელიწადში მოგვარებადი და ამიტომ მართლაც მოუწია გაცილებით უფრო მეტ ხანს ყოფნა პოლიტიკაში“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ივანიშვილს მიაჩნია, რომ ძირითადი საკითხები გადაწყვეტილია, კერძოდ საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ.

ხაზს ვუსვამ, რომ მესამე ვადით აირჩია „ოცნება“ საზოგადოებამ. მას მიაჩნია, რომ ძირითადი საკითხები გადაწყვეტილია, კერძოდ საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ. მისთვის მისია ძირითადად იყო, რომ საზოგადოების არჩევანი უმრავლეს შემთხვევაში ყოფილიყო ისეთი, რაც დიქტატურას არ შეუწყობდა ხელს.

განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ მოსახლეობამ არცერთ არჩევნებზე ხელისუფლებასთან მიახლოების საშუალებაც კი არ მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“.

ივანიშვილმა ჩათვალა, რომ რახან ასე მოხდა, ესე იგი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა უკვე არის იმ დონეზე, რომ მისი აუცილებლობა პოლიტიკაში ყოფნისა, ამოწურულია.

ეს მომენტი გამოიყენა იმის არგუმენტად, რომ ჰქონდეს საშუალება დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ ცხოვრების წესს და რომელიც 2011 წლამდე ჰქონდა.

კითხვაზე არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი კვლავ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში.

„ამერიკულმა რეალობამ ბაიდენის არჩევნებთან დაკავშირებით რაც დატრიალდა, გვანახა რომ უდიდესი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანაც კი შეიძლება აირიოს. ამდენად, იმის იმედად ყოფნა, რომ უკვე შედგა რაღაც ტრადიცია და ამ ტრადიციის ფონზე აღარაფერი შეიცვლება, ამერიკის არჩევნების ფონზე მე მგონი არ არის ზუსტი. დემოკრატია ისეთი ჭირვეული რამ არის, რომ მას ყოველთვის დასჭირდება დახმარება იმისა, რომ საზოგადოება ჩადგეს დემოკრატიული ცნობიერების კალაპოტში.

არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ დამთავრდა მშენებლობა და საძირკველი ჩაყრილია. ამ საძირკველსაც მოვლა უნდა. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უკვე შეიქმნა ის ჯგუფები, რომლებიდანაც წარმოიშვება დემოკრატიის მომვლელთა ახალი თაობები.

ამიტომ დიდი აქცენტი აქვს გადატანილი იმაზე, რომ გაჩნდება რაციონალური, ხალხისთვის მისაღები ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოპოზიციაში გადაიყვანენ „ქართულ ოცნებას“.

ასეთი საფუძვლის შექმნა, რომ იყოს პოლიტიკურ თაობათა მონაცვლეობა, ეს არის მისთვის მიღწევა და არა ის, რომ აშენდა დემოკრატია და დამთავრდა. დემოკრატიის მშენებლობა არასოდეს მთავრდება. ამიტომ თქვენი კითხვა, მობრუნდება თუ არა პოლიტიკაში, გააჩნია ქვეყანაში რა სიტუაცია იქნება.

ამერიკული სურათი გვიჩვენებს, რომ შეიძლება ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება დაუდგეს პერიოდი, როდესაც ამ ქვეყნის ყველა ძალა უნდა იყოს მობილიზებული სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუკი ასეთ ძალებში აღმოჩნდება ივანიშვილი, ალბათ ყველა ადამიანი იქნება საჭირო, ვისაც შეუძლია ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა“, - დასძინა საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა დღეს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

✔️ „ივანიშვილმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს დააკისრა“ - ხატია დეკანოიძე