მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა“ - გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული Pia.ge
1630162007
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფაიზერისთვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების გადაწყვეტილებას იხსენებს.

გურულის თქმით, რომ არა ექსპერტების პროფესიონალური ალღო, დღეს ათეულობით მილიონი ადამიანი კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილი იქნებოდა.

ექიმი ამბობს, რომ „პროგრესი მხოლოდ გათვლილი, დასაბუთებული გარისკვის შედეგად მოდის. ასე ვითარდება მსოფლიოში ყველაფერი და მედიცინაც ვერ იქნებოდა განსხვავებული“.

„როდესაც FDA-მ პფაიზერის ვაქცინას საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების დროებითი ლიცენზია მიანიჭა და როდესაც 15-დან ერთმა ექსპერტმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მახსოვს რას ვგრძნობდი, დავწერე კიდეც აქ, ფეისბუკზე, ნეტავ ვის უფრო მშვიდად დაეძინება ამ ღამით, 14-ს, თუ იმ ერთს მეთქი. პასუხისმგებლობა კოლოსალური იყო და წარმოდგენაც მიჭირდა მისი სიმძიმის გააზრებაზეც კი. მაგრამ გადაწყვეტილება მისაღები იყო.

საოპერაციოს აქვს ერთი ოქროს წესი, გადამწყვეტ სიტუაციაში, როდესაც მხოლოდ წამები გაქვს ადამიანის გადასარჩენად, არ უნდა გაიყინო, უნდა იმოქმედო. თუ ეჭვებმა და ყოყმანმა გაგყინა, მაშინ პაციენტი მოკვდება. სწორედ ამ დროს ხდება პროფესიონალის ინსტიქტებამდე გამჯდარი, წვრთვნის შედეგად ავტომატიზმამდე დასული ალღოს ამუშავება და მოქმედება იწყება.

შესაძლოა პირველი მანევრები მცდარი იყოს, მაგრამ მოქმედება ანგრევს შიშისგან აშენებულ ყინულის ბარიერს და მერე უკვე გათავისუფლებული გონების ტალღა ენერგიულად უპირისპირდება პრობლემას. ასეთი პრინციპით მუშაობს პროფესიონალის გონება კრიტიკულ სიტუაციაში.

იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა.
გავიდა 8 თვეზე მეტი და მილიარდობით დოზით გაკეთდა გადამრჩენელი ვაქცინა, ყველაზე სანდო და ნაცადი ხერხით, ემპირიულად დამტკიცდა მისი უსაფრთხოება და მის მიერ გამოწვეული გართულებების უიშვიათესობა. გაქარწყლდა ბევრი ინტელექტუალი სკეპტიკოსის საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო თეორია. მოქმედებამ, მოძრაობამ ისევ გაამართლა.

ასეა. პროგრესი მხოლოდ გათვლილი, დასაბუთებული გარისკვის შედეგად მოდის. ასე ვითარდება მსოფლიოში ყველაფერი და მედიცინაც ვერ იქნებოდა განსხვავებული. თვითმფრინავით ფრენა თუ გსურთ, მაშინ მასში ჩაჯდომის რისკები უნდა მიიღოთ!

წარმოიდგინეთ პროფესიონალი ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ტრანსატლანტიკური რეისის მომლოდინე საზოგადოებას გრაფიკულად დასურათებულ ლექციას უკითხავს ცნობილი საავიაციო კატასტროფების შესახებ. წარმოიდგინეთ?

შეედავებით? მოუსმენთ? გმირად ჩათვლით? ჭკვიან, პასუხისმგებლობიან ადამიანად მიიჩნევთ? თვითმფრინავით მოგზაურობის მსურველთ უტვინო ცხვრებს დაუძახებთ? განსჯა თქვენთვის მომინდვია.
ერთი-ორი ადამიანი ალბათ შეყოყმანდება, ჩემოდნებს გამოითხოვს და შვებულებას გააუქმებს, დანარჩენები კი გაფრინდებიან. ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი. ისევ იფრენენ“, - წერს ზურაბ გურული.

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიანიჭა.

ამავე თემაზე:

✔️ ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიენიჭა

✔️ ყველაფერი, რაც „ფაიზერის“ ვაქცინის შესახებ ვიცით