მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაფერი, რაც „ფაიზერის“ ვაქცინის შესახებ ვიცით

ფაიზერის მესამე დოზა
1629750363
COVID-19

გერმანულ-ამერიკული ვაქცინის, „ფაიზერის“ 500 ათასი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

„ფაიზერი“ ამერიკულ-გერმანული წარმოშობის ვაქცინაა. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. „ფაიზერი“ 94 პროცენტით ამცირებს ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 78%-ით კი ინფიცირების მაჩვენებელს.

საქართველოში „ფაიზერით“ აცრა 16 წელს ყველა მიღწეულ პირს შეუძლია. ის ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, მას აღიარებს ევროპის წამლის სააგენტოც. დღეს კი 23 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, „ფაიზერს“ მუდმივი ლიცენზია მიანიჭა.

ის დამტკიცებულია 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, მათ შორის ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

შეიძლება თუ არა „ფაიზერით“ აცრა ბავშვებსა და ორსულებში?

ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენება დასაშვებია. სააგენტო განმარტავს, რომ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ზუსტად ისე, როგორც 16 წელს ზემოთ პირებისთვის - ის მკლავის კუნთებში ორი ინექციის სახით, სამი კვირის ინტერვალით კეთდება.

ევროპის წამლის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღო, რომელიც 2260 ბავშვზე ჩატარდა. ბავშვების ნაწილს გაუკეთეს პლაცებო, ნაწილს კი ვაქცინა - COVID-19 ვაქცინის მიმღები 1005 ბავშვიდან არცერთს არ განუვითარდა.

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმის და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერზე“ შეიძლება ორსულების აცრა“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

გვერდითი მოვლენები

ინექციის ადგილას:

⚫ ტკივილი

⚫ სიწითლე

⚫ შეშუპება

მთელ ორგანიზმში:

⚫ დაღლილობა

⚫ თავის ტკივილი

⚫ კუნთების ტკივილი

⚫ შემცივნება

⚫ ტემპერატურა

⚫გულისრევა

ეს გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ვაქცინის გაკეთებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში ვლინდება. შესაძლოა, გვერდითი მოვლენების გამო დროებით დაქვეითდეს შრომისუნარიანობა, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას 100%-იანი დაცვა აქვს.

„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია

ჩატარებული კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის მძიმე დაავადების წინააღმდეგ, რომელიც გამოწვეულია ორი ვარიანტით.

Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური, ის იცავს ადამიანს მძიმე გართულებისაგან, რომელიც გამოწვეულია ორი სახიფათო შტამით.

გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომლებიც ემყარება ყატარისა და ისრაელის კვლევები რეალურ ფაქტებს, აჩვენებს, რომ ვაქცინამ შეიძლება თავიდან ააცილოს ადამიანს ყველაზე ცუდი შედეგები: მწვავე პნევმონიისა და ლეტალობის შემთხვევა - გამოწვეული B.1.1.7–ით (კორონავირუსების ეს ჯგუფი გამოჩნდა ბრიტანეთში, სადაც მას სახელად შეარქვეს B.1.1.7 ) და მეორე შტამი, რომელიც პირველად იდენტიფიცირდა გასული წელის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში სახელწოდებით - B.1.351.

„ეს ნამდვილად კარგი ამბავია“ - განაცხადა ექიმმა ანელის უაილდერ-სმიტმა, ლონდონის ჰიგიენისა და მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების მკვლევარმა. „დროის ამ ეტაპზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვაქცინის გამოყენება შეგვიძლია, თუნდაც ცირკულირებადი შტამების ვარიანტების არსებობის შემთხვევაშიც“.

წინა გამოკვლევების თანახმად, B.1.1.7- ბრიტანული შტამი უფრო ინფექციური და საზიანოა, ვიდრე სხვა ვარიანტები, მაგრამ ვაქცინები მაინც კარგად მუშაობს მის წინააღმდეგ. სხვა მხრივ, ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად, ვაქცინები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა აფრიკული შტამის - B.1.351– ის წინააღმდეგ.

ერთ – ერთი ახალი კვლევა , რომელიც New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნდა, ემყარება ინფორმაციას 200 000 –ზე მეტი ადამიანის გამოკვლევის შესახებ, რომლებსაც 1-ლი თებერვლიდან - 31 მარტამდე ჩაუტარდათ ვაქცინაცია.

მრავალჯერადი ანალიზის შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა ეფექტური იყო 87– დან 89,5 %-მდე B.1.1.7– ბრიტანული შტამით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ასევე ვაქცინა 72,1-დან 75 %-მდე ეფექტური იყო B.1.351-ით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

საერთო ჯამში, იგი 97.4 %-ით ეფექტური იყო მძიმე, კრიტიკული ან ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად კორონავირუსის ნებისმიერი ფორმისგან, ხოლო 100 პროცენტით ეფექტური იყო B.1.1.7 ან B.1.351 გამოწვეული მძიმე, კრიტიკული ან ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად.

მეორე ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Lancet-ში, მკვლევარები ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროდან უძღვებოდნენ. კვლევა დაფუძნებულია კორონავირუსული ინფექციის 230 000-ზე მეტ შემთხვევაზე, რაც ისრაელში მოხდა 24 იანვრიდან - 3 აპრილამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, B.1.1.7 შეადგენდა ქვეყანაში კორონავირუსების თითქმის 95%-ს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაუტარეს საკუთარი მოსახლეობის ნახევარს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 95%-ით იცავდა ადამიანებს კორონავირუსის ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობისაგან, სრულად ვაქცინირებულ 16 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ასევე კარგად მუშაობდა ხანდაზმულ ასაკში. 85 წელს გადაცილებულ პირებში ვაქცინა 94 %-ზე მეტად ეფექტური იყო ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

„ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

ჩატარებული კვლევის თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა სერიოზული პრობლემების რისკს არ ზრდის.

კვლევის თანახმად, ვაქცინაცია 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 87%-ით ამცირებს კოვიდ 19-ის მძიმე ფორმების რისკს.

„Pfizer/BioNTech–ის Covid-19 ვაქცინა არ ზრდის სერიოზული გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკს (გულის შეტევა, ინსულტი ან ფილტვის ემბოლია) 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში“ - ნათქვამია ოფიციალურ ფრანგულ კვლევაში.

მკვლევარებმა გაითვალისწინეს ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევა, რომელიც საფრანგეთში დაფიქსირდა გულის შეტევებით, პარალიზებით და ფილტვის ემბოლიებით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე 75 წელს გადაცილებულ, ვაქცინირებულ და არა ვაქცინირებულებში .

მათ შეადარეს გულ-სისხლძარღვთა ამ პრობლემების წარმოქმნა სხვადასხვა დროს: ვაქცინის პირველი და მეორე დოზების მიღებიდან 14 დღის პერიოდი რისკად ითვლებოდა, ხოლო დანარჩენი - საკონტროლო პერიოდებად.

„საერთო ჯამში, მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის, ჰემორაგიული ინსულტის ან ფილტვის ემბოლიის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების სიხშირე 75 წელს გადაცილებულ პირებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვადასხვა პერიოდის მაჩვენებლებისგან“, - ნათქვამია კვლევაში.

რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორც ალფა ვარიანტის დროს.

ოფიციალური პირების თქმით, ვაქცინები ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოში დომინანტია.

კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაქცინების ერთი დოზა საკმარისი არ არის მაღალი დაცვისთვის.

„ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტიანია „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ხოლო „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტიანობა 93.7%-ს შეადგენს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა კი „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, ხოლო „ალფა“ ვარიანტის წინააღმდეგ 74.5%-ით ეფექტიანია.

„ვაქცინის ეფექტიანობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა დელტას ვარიანტთან“ - აცხადებს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი.

„ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

ახალი კვლევის შედეგების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს შორის 8-კვირიანი ინტერვალი საუკეთესოა.

კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის (DHSC) მიერ.

მკვლევრებმა 4 და 10-კვირიან ინტერვალებში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა ერთმანეთს შეადარეს, შედეგად კი 8-კვირიან ინტერვალზე შეჯერდნენ. ასევე, კვლევისას დადგინდა, რომ 10-კვირიანი ინტერვალი ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს წარმოქმნის.

კვლევის დროს, მეცნიერებმა, 503 მედიცინის სფეროში დასაქმებული პირის მონაცემები შეისწავლეს, რომელთაგან 44%-ს(223) კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ და „ფაიზერით“ აიცრნენ.

კვლევისას აღმოჩნდა, რომ 10 კვირის შემთხვევაში, ორგანიზმში მეტი იმუნურ მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ლიმფოციტი (T-cell) გამომუშავდება.

3-4 და 10 კვირაში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობის შედარებით მეცნიერები შეჯერდნენ, რომ 8-კვირიანი ინტერვალი „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხანგრძლივი ინტერვალის დროს, ვაქცინა ე.წ. ინდურ და სხვა შტამებთანაც გაცილებით ეფექტურია.

ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

კორონავირუსის დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზა.

შესაბამისი კვლევები თავად კომპანია ფაიზერმა ჩაატარა. კვლევების მიხედვით, ანტისხეულების რაოდენობა ორგანიზმში ხუთჯერ გაიზარდა. კვლევები 18-დან 55 წლამდე ადამიანებში ჩატარდა.

რაც შეეხება 65-დან 85 წლამდე უფროს პირებს, მათ ორგანიზმში 11-ჯერ მეტი ანტისხეული აღმოჩნდა, ვიდრე მეორე დოზის შემდეგ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მესამე, „ბუსტერული“ დოზის გაკეთება 6 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი, როდესაც ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს. მესამე დოზა როგორც ინდური, ასევე სამხრეთ აფრიკული შტამების მიმართ ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის. მკვლევარები ამბობენ, რომ მესამე დოზის გაკეთება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაც არის შესაძლებელი, მაგ. ვისაც ორგანოები აქვთ გადანერგილი.

ფაიზერის კვლევებში 44 ათასი მოხალისე მონაწილეობდა.

აშშ-ში ფაიზერის საბოლოო ლიცენზირება მოხდა

24 აგვისტოს აშშ-ში ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიენიჭა. ამერიკის შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიანიჭა.

აქამდე ფაიზერის, ისევე როგორც მოდერნას ვაქცინებს, აშშ-ის ტერიტორიაზე გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენების სტატუსი ჰქონდათ, ექიმები იმედოვნებენ, რომ ოფიციალური ლიცენზიის მიღების შემდეგ ამ პრეპარატით აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

ვაქცინის გამოყენება 16 წელზე უფროსი პირებისთვის არის ნებადართული.

ლიცენზიის მიღების შემდეგ ფაიზერის აქციები 5%-ით, ხოლო კომპანია BioNTech-ს აქციები 9%-ით გაძვირდა.

მოდერნას ვაქცინას, ჯერჯერობით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების რეგისტრაცია გააჩნია. ფაიზერის მიერ ლიცენზიის მიღების შემდეგ იგივეს მოდერნაც შეეცდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოდერნას საბოლოო ლიცენზირებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია - დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“

👉 ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა