მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს, ვაქცინებს ვფლობთ, ახლა გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნვეყოფა“ - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძეს გამოსვლა  ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე
1622101989
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე წარდგა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სესიის მთავარი თემა პანდემიასთან და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებია.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ისაუბრა პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მასში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და დარგის ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

„პატივცემულო თავმჯდომარევ, პატივცემულო გენერალურო დირექტორო, ასამბლეის წევრებო, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ დირექტორს კოვიდ 19-ის რეზოლუციის შესრულების ანგარიშის წარდგენისთვის. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც შეუფასებელი დახმარება გაუწია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში.

სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ კვლავ მაღალია. საყურადღებოა, რომ პანდემიასთან ბრძოლის გზაზე თავს იჩენს ახალი, უფრო რთული გამოწვევები, რომლებიც პროცესების მართვას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს მზაობის გაძლიერება, როგორც დამოუკიდებლად, თითოეული ქვეყნის, ისე გლობალური ჯანდაცვის დონეზე, რამდენადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა სახის ახალ საფრთხეებთან მოგვიწევს გამკლავება.

პანდემიის საფრთხეებზე რეაგირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მოქნილები და თანმიმდევრულები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს, რასაც უნდა მოჰყვეს მათი გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და აღსრულება.

გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება, როგორიც არის აქტიური ბიოლოგიური ზედამხედველობა და ეპიდემიოლოგიური პროგნოზირება, ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობების გაზრდა და რაც მთავარია პრევენციის ღონისძიებების გაძლიერება.

პანდემიის დასაწყისში, პრევენციის ძირითადი შესაძლებლობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჰიგიენის გაძლიერებული ღონისძიებები და სოციალური შეზღუდვები იყო. დღეს კი, ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. ახლა კი, გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის.

თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად.

ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა. გლობალური რესურსების გაერთიანებით, მათი სამართლიანი (თანაბარი) განაწილებით და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავასრულოთ გლობალური პანდემია”,- განაცხადა ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

👉 „შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია“ - ტიკარაძე

👉 ეკატერინე ტიკარაძე: „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი მზად არის, რომ ჩვენთან მოლაპარაკებაში ჩაერთოს