მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი პაციენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას? - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რომელი პაციენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას - ალესანდრე გოგინავას განმარტება
1630922547
COVID-19

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სატელევიზიო ეთერში, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელსა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ჰოსპიტლებში მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ამ წუთში არსებული სიტუაცია, მძიმე მდგომარეობა გარდაცვლილების კუთხით, პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ გვყავს ძალიან ბევრი მძიმე პაციენტი და სამწუხაროდ, მძიმე პაციენტების მატებას განვითარებულ ქვეყნებში მოჰყვება სიკვდილიანობის ზრდა.

არსებულ სიტუაციაში აუცილებელია ჰოსპიტალში მოხვდეს ის ადამიანი ვისაც ეს ესაჭიროება. ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია? - პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია, პირველ რიგში, ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია. სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება.

სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი სუნთქვის უკმარისობის შეფასება: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ციანოზი ანუ ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება, ასევე, თუ ოჯახში გვაქვს პულსოქსიმეტრი და ჩვენ განვსაზღვრავთ სატურაციას და ვნახავთ, რომ 90-ზე დაბალია, აი, ეს მაჩვენებლები უკვე არის საგანგაშო და ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებენ.

თუ ადამიანს აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება და ეს ცხელება ძლიერ სისუსტეს იწვევს. აქვს ძილიანობა, განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვი იყოს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ასევე, ის პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ და კოვიდის მართვა ბინაზე შეუძლებელია. ძირითადად, ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოებში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ბინაზე კოვიდის მართვაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა არ გამოიყენონ თვითნებურად მედიკამენტები.

„ბინაზე მართვის დროს ნუ მიიღებთ თვითნებურად გარკვეულ მედიკამენტებს. განსაკუთრებით ანტიბიოტიკებს, სისხლის გამაგრილებელ პრეპარატებს, ჰორმონს და დექსამეტაზონს, ამ პრეპარატების დანიშვნას აქვს თავისი გაწერილი ჩვენება. ძირითადად ისინი საჭიროა საავადმყოფოში მკურნალობისას. დაავადების პირველ კვირაში ამ მედიკამენტების მიღება ხელს უწყობს ხშირ შემთხვევაში დაავადების დამძიმებას ან სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებას“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

რაც შეეხება რეგულაციებს, ალექსანდრე გოგინავას თქმით, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.

ექიმმა რეინფიცირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელტა შტამის დროს რეინფექციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ რეინფექციის შემთხვევები დელტა შტამის დროს არის, თუმცა პროცენტულად მათი რიცხვი მაღალი არ არის. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვათ, რეინფექციის შემთხვევაში დაავადება წავა მსუბუქად ან მძიმედ არ არსებობს, ინდივიდუალურია და შესაძლებელია წავიდეს მძიმედ ან მსუბუქად. თუ ისევ მოხდება სხვადასხვა შტამების წარმოქმნა შესაძლოა გაიზარდოს რეინფიცირების პროცენტი“, - განაცხადა გოგინავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მომდევნო კვირის ბოლოსკენ გარდაცვლილთა მაჩვენებელი შემცირდება“

👉 რა შემთხვევაშია აუცილებელი კოვიდინფიცირებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანა

👉 „ანტისხეულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვის ელემენტების საწინააღმდეგოდ იწყებენ ქმედებას, არიან სიკვდილის მთავარი მიზეზი დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანში“