მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემთხვევების შემცირებას ჯერჯერობით ვერ მოჰყვება ლეტალობის კლება“ - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1630661090
COVID-19

„ჯერჯერობით შემსუბუქებას ვერ მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის შემცირება, სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ეს ასეა. პიკს მოჰყვება ლეტალობის მაღალი ციფრები. თუ შევინარჩუნებთ ინფიცირების ამ მაჩვენებელს ან მოხდება დინამიკური კლება, მაშინ შემცირდება სიკვდილიანობა. ეს შესაძლებელია 2-3 კვირის შემდეგ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით არის გამოწვეული.

„გარდაცვალების მაჩვენებელი არის დამოკიდებული შემთხვევების რაოდენობაში მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრით წილზე. როდესაც ხდება შემთხვევების მკვეთრი მატება, აქედან გამომდინარე ხდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების წილის ზრდა, რის გამოც იზრდება ლეტალობის მაჩვენებელი. ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

როდესაც დაიწყო მეოთხე ტალღა და დაავადებულთა რიცხვის ზრდა, ამას მოჰყვება, რა თქმა უნდა, ლეტალობის ზრდა და პიკიც. ეს იმას ნიშნავს, რომ შემსუბუქებასთან ერთად შესაძლოა, დაიწყოს სიკვდილიანობის კლებაც“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმის განმარტებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი საავადმყოფოებში პაციენტების არაეფექტურ მართვას არ უკავშირდება და ეს მხოლოდ მძიმე მეოთხე ტალღის შედეგია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვას ყველა რგოლში დიდი პრობლემაა“ - სოფო ჯაფარიძე

⭕ „არცერთ ქვეყანაში არ დაღუპულა ყოველდღიურად იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი კოვიდით, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილიანობაა“ - იაგო ფრანგიშვილი

⭕ ამირან გამყრელიძე საქართველოში მძიმე მეოთხე ტალღის 2 მიზეზს ასახელებს