მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვას ყველა რგოლში დიდი პრობლემაა“ - სოფო ჯაფარიძე

ექიმი სოფო ჯაფარიძე
1630659212
COVID-19

„მედგიდის“ დამფუძნებელი, ექიმი სოფო ჯაფარიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვირუსით გარდაცვალების ყოველდღიურად მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს.

ექიმის თქმით, კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის ყველა რგოლს დიდი პრობლემა აქვს.

სოფო ჯაფარიძე რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღის განმავლობაში თითო ექიმზე 100-150 პაციენტი მოდის, რაც ნებისმიერ ადამიანურ რესურსს სცდება.

ამასთან, მისივე თქმით, კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულების ციტოგენური შტორმის სამკურნალო პრეპარატი „ტოცილიზუმაბი“ მუდმივად დეფიციტშია.

„გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი არის იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჯანდაცვას ყველა რგოლში ძალიან დიდი პრობლემები აქვს.

პირველი - ეს არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ოჯახის ექიმები, რომლებიც ფაქტობრივად ზღვარზე მუშაობენ და ფიზიკურად ადამიანური რესურსი არის ამოწურული. ზოგჯერ დღის განმავლობაში თითო ექიმზე 100-150 პაციენტი მოდის, ეს შეუძლებელია და ნებისმიერ ადამიანურ რესურსს სცდება.

ამიტომ, ხშირად ვხედავთ, რომ 5, 6, 7 და უფრო მეტი დღე ოჯახის ექიმები ვერ უკავშირდებიან პაციენტებს. ხშირად ამ დროს პაციენტებმა არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ და მძიმდებიან ბინაზე და საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას პირდაპირ ინტენსიურ განყოფილებაში.

მეორე საკითხი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს აქვთ დიდი პრობლემა ის, რომ არ აქვთ განახლებადი ბაზები, როცა მისამართზე მიდიან ექიმს ორმაგი შრომის გაწევა უწევს. ერთი მხრივ ის, რომ პაციენტს მიხედოს და მეორე მხრივ მოძებნონ ადგილები. ამაში ძალიან დიდი დრო იკარგება. ხშირად ეს დრო სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული იმ მომენტისთვის. როდესაც პაციენტს 80 აქვს სატურაცია, საათები იკარგება იმისთვის რომ ადგილები მოიძებნოს.

მესამე საკითხი - ჰოსპიტალური სექტორი უკვე ზღვარს მიღმა მუშაობს, იმიტომ რომ ჟანგბადიანი ადგილების სერიოზული დეფიციტია.

მეოთხე საკითხი - ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტები, მაგალითად როგორიც არის „ტოცილიზუმაბი“, რომელიც არის კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულების ციტოგენური შტორმის სამკურნალო პრეპარატი, ფაქტობრივად სულ დეფიციტშია. მისი მოძიება პრობლემაა, ყოველთვის გვიანდება და ეს არის დაუსრულებელი პრობლემები.

არა მხოლოდ „ტოცილიზუმაბი“, არამედ ბოლო რამდენიმე დღეა როგორც ვიცით ანტიკუაგულანტებზეც კი პრობლემა შეიქმნა. ეს ყველაფერი, ერთობლივი ჯაჭვი, რომელიც სრულად გარღვეულია განაპირობებს იმას, რაც დღეს ხდება და რაც მთავარია დროულად ვაქცინაციის ვერ დაწყება. ძირითადად გარდაცვლილთა 99% არის სწორედ აუცრელი ადამიანები“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობის ტემპს, სოფო ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს არანაირი საინფორმაციო კამპანია.

„ტემპი უფრო კარგი იყო, ბოლო რამდენიმე დღეა შემცირდა, მაგრამ ესეც იმის ბრალია, რომ საინფორმაციო კამპანია არ არსებობს“, - დასძინა სოფო ჯაფარიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „კორონავირუსის დადასტურებიდან 30-ე დღეს უკვე შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება“ - სოფო ჯაფარიძე (ვიდეო)

🔴 „ყველა მიმართულებით დაუცველები ვართ“ - სოფო ჯაფარიძე

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 23 518 ადამიანი აიცრა

🔴 3 034 ინფიცირება, 86 გარდაცვალება, 3 952 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში