მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა შეზღუდვები არ გვქონდეს, ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩავერთოთ“ - ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1617729066
COVID-19

„თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას.

„სადღეისოდ მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID 19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე ან მის მოახლოებაზე.

შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე lockdown. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და სხვა, რომლებიც მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან) გამოწვეული შემთხვევების ზრდა.

საქართველომ ა.წ. 15 მარტამდე ვაქცინის არქონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები შეზღუდვების მიუხედავად, COVID პანდემიის სწორი მენეჯმენტით მიაღწია იმას, რომ COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა შეზღუდვების რაოდენობა.

სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით - არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე. ასეთი დამოკიდებულება შეიცავს COVID შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში.

„დღეს საქართველო COVID პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ოპტიმალურ მართვას. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას“, - აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

ამავე თემაზე:

ამირან გამყრელიძე აცრას ჩინური ვაქცინით გეგმავს