მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს - ზაალ კოკაია

პროფესორი ზაალ კოკაია
1631558758
COVID-19

შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს.

ამასთან, ზაალ კოკაია ამბობს, ერთ-ერთი გავრცელებული ანტივაქსერული დებულება გვამცნობს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს. ეს აბსოლუტური ტყუილია.

მისი თქმით, სინამდვილე შემდეგია.

„ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ნიდერლანდებში, აბორტის შედეგად დაღუპული ადამიანის ჩანასახის თირკმლის უჯრედების გენეტიკური მოდიფიცირებით მიღებული იყო უჯრედული ხაზი HEK923
(Human Embryonic Kidney), რომელსაც მას შემდეგ იყენებენ ლაბორატორიულ კვლევებში, წამლების და ვაქცინების შექმნის პროცესში.

ყველაზე ინტენსიურად, HEK923 უჯრედები გამოიყენეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დიზაინის პროცესში, ასევე, ვირუსის გასამრავლებლად და უჯრედებზე ამ ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

„სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში HEK923 გამოიყენეს მხოლოდ უჯრედებზე ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად.

რაც შეეხება „სინოფარმის“ ვაქცინას, მისი შექმნის და გამოცდების დროს ადამიანის უჯრედული ხაზები საერთოდ არ გამოუყენებიათ https://bit.ly/2XdqB47“, - ამბობს ზაალ კოკაია.

როგორც ზაალ კოკაია აღნიშნავს, საქართველოში ხელმისაწვდომი არც ერთი ვაქცინა ადამიანის ჩანასახის ნაწილაკებსაც კი არ შეიცავს.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი არც ერთი ვაქცინა არათუ ადამიანის ჩანასახის უჯრედებს, არამედ ამ უჯრედების ნაწილაკებსაც კი არ შეიცავს!

დღესდღეობით, ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზების გამოყენებით ათასობით სამეცნიერო კვლევა ტარდება და შეიქმნა სიცოცხლის გადამრჩენი ჩუტყვავილას, ქუნთრუშას, წითურას, A ჰეპატიტის, პოლიომელიტის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. ეს უჯრედული ხაზები ასევე ინტენსიურად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შესაქმნელ კვლევებში.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აბორტი სპეციალურად არ გაკეთებულა ადამიანის არც ერთი უჯრედული ხაზის მიღების მიზნით.

ყველა შემთხვევაში, უჯრედული ხაზები მიიღეს ლეგალური აბორტირებული, მკვდარი ჩანასახის უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაციით და მრავალჯერადი გამრავლებით. თანაც, ეს მოხდა ათწლეულების წინ და დღესაც მეცნიერები თავის კვლევებში იყენებენ იმ ერთეული აბორტების შემდეგ მიღებული უჯრედების შთამომავალ უჯრედებს. 2020 წელს ჩატარებული გათვლებით ერთ-ერთი ასეთი უჯრედული ხაზის (WI-38) გამოყენებით ვაქცინების შექმნამ დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა https://bbc.in/3tASLSF.

დ ა ს კ ვ ნ ა: კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს. თუკი ვირუსის წარმოების ან გამოცდის პროცესში ამ უჯრედების გამოყენება თქვენთვის წარმოადგენს მორალურ, ეთიკურ ან რელიგიურ პრობლემას, შეგიძლიათ აიცრათ „სინოფარმის“ ვაქცინით, რომელიც შეიქმნა ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზების გამოყენების გარეშე და საკმაოდ ეფექტურია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული კოვიდის დელტა შტამის წინააღმდეგ https://bit.ly/3AmpyO1“, - წერს ზაალ კოკაია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ახალშობილებს ანტისხეულები ვაქცინირებულები დედების რძიდან გადაეცემა

👉 დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს