მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის საქართველოში შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1613932684
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ პროცესმა გადაიწია.

„იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით,“ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, აღნიშნული დაგვიანება (1 კვირიანი ცდომილება) ტრაგედიას არ წარმოადგენს.

„არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა. სამაგიეროდ, არის კარგი ამბები, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება ვაქცინის მოწოდება. გარდა კოვაქსპლატფორმისა, უკვე გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები, მაგალითად „ასტრაზენეკას“ კომპანიასთან 150 000-ის შემოტანაზე, რომელმაც შეიძლება დაასწროს „კოვაქსის“ „ფაიზერის“ შემოტანას ან ერთდროულად შემოვიდეს მარტის პირველ რიცხვებში,“ - აცხადებს იგი.

ცერცვაძის თქმით, ასპარეზზე ახალი მწარმოებელი ფირმები გამოდის.

„გამოდის ასპარეზზე ახალი მწარმოებელი ფირმები, „ნოვოვაქსი“, „ჯონსონჯონსონი“ და სხვები. ყველაფერი ეს ისახავს ძალიან კარგ პერსპექტივას საქართველოსთვის. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი იქნება პანდემიასთან საბრძოლველად, რადგან თუ ჩვენ შევძლებთ 60 პროცენტის აცრას, ეს არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი, ამას დაემატება ის 15 პროცენტი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. მთელი რიგი გათვლებით, ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციებით, დადგენილია, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტი გვყავს იმუნური ფენა, მაშინ იქ პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ვაქცინაციის დასაწყებად ქვეყანაში ყველაფერი მზად არის, იქნება ეს სამედიცინო პუნქტები, თუ სამოქმედო გეგმა.

„შერჩეულია ის სამედიცინო პუნქტები, სადაც ვაქცინაცია მოხდება. იმ პერსონალმა, ვინც უნდა ჩაატაროს ვაქცინაცია, გაიარა ყველანაირი ტრეინინგი. ყველაფერი გამართულია იდეალურად. პირველ რიგში აიცრებიან მედიცინის მუშაკები, შემდეგ ხანდაზმულები და შემდეგ თანმხლები დაავადებების მქონე პირები და სხვა. ივნისის მერე კი მასობრივ ვაქცინაციაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ცერცვაძემ.