მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზურაბიშვილი: „ქართული ოცნების“ მდგომარეობა გამარჯვების შემთხვევაშიც კი რთული იქნება

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვება შესაძლოა გაუჭირდეს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ ხმების უმრავლესობას ვერ აიღებს, ის კოალიციას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ შექმნის.

„რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ უმრავლესობა მოიპოვოს. შესაძლებელია, რომ მას მაჟორიტარების ჯამთან ერთად 76 მანდატზე მეტი ჰქონდეს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც კი მისი მდგომარეობა იქნება რთული. პარტია იქნება მუდმივ პრესინგში, რადგან ოპოზიცია იქნება უფრო ჭრელი და ამასთანავე, პანდემიის ფონზე არსებობს სერიოზული გამოწვევები“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

„შეთანხმება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმდა, შეიძლება ითქვას, ფორმალურია, თუმცა თავად „ქართული ოცნება“ არ ეცდება კოალიცია შექმნას რომელიმე მათგანთან.

ივანიშვილი გამორიცხავს კოალიციას. ის შეეცდება პერსონალურად იმუშაოს ცალკეულ დეპუტატებთან, შეეცადოს მათ დაინტერესებას ფინანსური მხარით. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს“ ის მარტივად მიიმხრობს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უკვე ნათლად ჩანს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია ბევრად მრავალფეროვანი იქნება, რაც მმართველი პარტიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ქუთაისის მერის არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.