მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვებში დელტა შტამით ინფიცირება ოთხჯერ გაიზარდა - CNN

დელტა შტამი ბავშვებში

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო დროს ბავშვებში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებამ სწრაფად მოიმატა და ის ბოლო თვეში დაახლოებით, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია შეიძლება კიდევ გაუარესდეს.

ზაფხულში ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ახლა კი ის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თუ ივნისში ერთ კვირაში დაახლოებით 38 000 ბავშვი ინფიცირდებოდა, ახლა ამ რიცხვმა 180 000 მიაღწია.

„ვინაიდან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია არ ხდება, მათი დაცვის ერთადერთი საშუალება პირბადის გამოყენებაა. მე მათ ბატებს შევადარებდი, რომლებიც ერთ ადგილას სხედან და ელიან, როდის ესვრის მათ მონადირე. აბსოლუტურად დაუცველები არიან“, - განაცხადა CNN-ის სამედიცინო ანალიტიკოსმა ჯონათან რაინერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერის ვაქცინას აშშ-ის ტერიტორიაზე მუდმივი ლიცენზია მიენიჭა, ის მხოლოდ 16 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. გარკვეულ, გამონაკლისის შემთხვევებში ვაქცინის გამოყენება 12 წელზე უფროსი ბავშვებისთვისაც შეიძლება. რაც შეეხება 5-11 წლის ბავშვებს, მათთვის ჯერ ვაქცინა არ შექმნილა და ისინი საკუთარ რიგს ელოდებიან. ამ ჯგუფისთვის ვაქცინაციის ნებართვის შემთხვევაში აშშ-ში დაახლოებით დამატებით 28 მლნ ადამიანი იქნება ვაქცინირებული. თუმცა, ამ ასაკობრივი კატეგორიის ვაქცინაციის ნებართვის საკითხის განხილვა, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ მოესწროს.

დოქტორი პოლ ოფიტი აცხადებს, რომ ბავშვებისთვის ვაქცინის შექმნა, უდავოდ, მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ყველა კვლევის ჩატარება, რათა პრეპარატის სრული უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.

ბავშვების ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი ბოლო დროს დელტა შტამის სწრაფი გავრცელების გამო დაიწყო. მიმდინარე თვეში 100 000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, რაც პირველად დაფიქსირდა მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ.

ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, კვლავ ხანში შესულ ადამიანებს სჭირდება, მაგრამ ახლა მათ ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობაც დაემატა. ფაქტობრივად, ბავშვების და უფროსების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია აშშ-ის ისტორიაში. ასევე, ექსპერტები მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ.

იმის გამო, რომ ზოგიერთ შტატში, მაგალითად, ფლორიდაში სკოლის მოსწავლეებში კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ფლორიდის გუბერნატორმა სკოლებს პირბადეების გამოყენება დაავალდებულა. თუმცა, შტატის 8 რაიონში განაცხადეს, რომ ამ წესის დაცვას არ აპირებენ. ანალოგიური განკარგულება სამხრეთ კაროლინის შტატის გუბერნატორმა გამოსცა, რისთვისაც მას სასამართლოში უჩივლეს. სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს წესი მათ სამოქალაქო თავისუფლებას ზღუდავს.

15 ოქტომბრამდე მასწავლებლებმა და სკოლების თანამშრომლებმა ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩაიტარონ. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება ყოველკვირეული უფასო ტესტირება, რაც ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად ჩატარდება.

1-ელ ოქტომბრამდე მასაჩუსეტსის შტატში 5 წელზე უფროსი ბავშვებისთვის სასწავლო დაწესებულებებში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება. შემდეგ ეს წესი გაუქმდება, ოღონდ მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა და პედაგოგების 80% ვაქცინირებული იქნება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

როგორ მუშაობს ადამიანის იმუნიტეტი აცრის და ინფიცირების დროს? – BBC

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC

ვაქცინა არც ორსულ ქალებს ემუქრება, არც ნაყოფს - BBC-ის კვლევა