მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“ - ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საწვავის ფასის ზრდის შესახებ ისაუბრა და საკითხის მოგვარების მოწოდებით მთავრობას მიმართა.

ელისაშვილმა მთავრობას მოუწოდა, რომ ნავთობიმპორტიორებს „იქნებ დააწევინონ მადა“ ან თავად მთავრობამ დასწიოს აქციზის გადასახადი.

„სანამ ნახევარ წელზე მეტია მიდის იწილო-ბიწილო ვინ შემოვა, ვინ საიდან გამოვა, ამასობაში ვხედავთ, რომ გაღარიბდა ისედაც ღარიბი ქვეყანა და ფასები მიფრინავს. ფასები პირდაპირ კოსმოსში მიფრინავს. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რაც არის, ეს არის საწვავის ფასები.

ალბათ ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ 3 ლარს გადასცდა ლიტრი ბენზინის ფასი. ჰო და ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს ადამიანების, რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი.

კეთილი ინებეთ და ან აქციზის გადასახადი დაწიოთ ან ცოტა დააწევინოთ მადა ნავთობის იმპორტიორებს, ცოტა დაეშვან დედამიწაზე. გასაგებია ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან იქნებ ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ოდნავ მათაც შემოიჭირონ ქამარი წელზე. იმიტომ რომ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, ხალხი ისე იჭერს ქამარს, რომ ლამის გაწყდნენ წელში. ამიტომ, დაუყოვნებლივ არის ნაბიჯები გადასადგმელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სკოლებსა და ბაღებში რეგისტრაციის შესახებაც ისაუბრა.

„მეორე საკითხი, დღეს მიმდინარეობდა რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში, სკოლებში. ამ მხრივად ხდება კატასტროფა. ოდითგან ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ნეპოტიზმის და ჩაწყობის ქვეყანა და აქ ხომ საერთოდ საშინელება ხდება.

თუ არ დაფაცურდა, რომელიმე დეპუტატი, მინისტრი თუ თანამდებობის ადამიანი ისე შეუძლებელია დარეგისტრირება. არ ვიცი რა ჯადო ალგორითმით არის მოწყობილი ეს საიტები, ვერაფრით ვერ მოახერხებ დარეგისტრირებას. წლებია ეს პრობლემა გრძელდება და იქნებ რაღაც გააკეთოთ ამ მიმართულებით“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა - როგორი ფასებია საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე?

✔️ რატომ ძვირდება საწვავი? - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადება