მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიას მნიშვნელოვანი როლი აქვს  ამ პოლიტიკურ ციკლში“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მელიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ პოლიტიკურ ციკლში.

„მე ვფიქრობ, რომ მელიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ პოლიტიკურ ციკლში, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდება მას შემდეგ რამდენად მოახერხებს ის აქტივის კაპიტალიზაციას.

მას საკმაოდ რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, არა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ იმ მოცემულობის თვალსაზრისით, რაც შეიქმნა მისი პატიმრობის პერიოდში მთლიანად ოპოზიციაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა, იგივე პოლიტიკურ ტაქტიკასთან დაკავშირებით, დანარჩენ ოპოზიციასთან მიმართებაშიც ვხედავთ, რომ მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, გარკვეული თემატური ერთიანობა შეიძლება დაირღვეს და ამით დაზიანდება ყველა მხარე.

მელიამ უნდა აღიდგინოს პარტიაზე კონტროლი, კონსენსუსური გადაწყვეტილება მოძებნოს და თანამშრომლობა აღადგინოს“ - აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტის თქმით, შორს წავიდა დაპირისპირების პროცესი. ეს არ იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა. ოპოზიციის მხრიდანაც ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

„ეთიკური ნორმები იყო დარღვეული, ხელმოწერამდე მათ კონსულტაციები უნდა ჰქონოდათ იმ ადამიანთან, რომელმაც დიდ წილად თავის ზურგზე მოიტანა ეს შეთანხმება, მელიას ქეისი რომ არ ყოფილიყო ეს პროცესი ვერ შედგებოდა. პოლიტიკური ამოცანა არის ბევრად დიდი ფასეულობა ვიდრე საკუთარი სიმართლის მტკიცება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, რის შემდეგადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე ვიქნები

👉 „ფაქტობრივად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო“