მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არასწორია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს უკვე მოხდა.

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ლომჯარიამ აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ხდება.

„რამდენჯერმე მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, აქვე ვიტყვი, რომ არ მაქვს ნებართვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები მოგახსენოთ. თუმცა ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს, თუმცა, არა იმ ფორმით და არა იმ დეტალურობით, რაც არღვევს პატიმრის უფლებას.

ეს არის პერსონალური მონაცემი, მისი თანხმობის გარეშე მსგავსი ფორმით გასაჯაროება არ შეიძლება. გარდა ამისა, ამ ტიპის საუბრებს მეორე უარყოფითი შედეგი აქვს, პირველ რიგში, პატიმრის უნდობლობას აჩენს სამედიცინო პერსონალის მიმართ.

ამის გამოვლინება გვქონდა, როდესაც გარკვეული ტიპის გამოკვლევებზე მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა. როგორც ვიცი დღეს, წესით განმეორებითი გამოკვლევები უნდა ჩაეტარებინათ. მსგავსი ტიპის განცხადებები აქეზებს მოშიმშილე პატიმარს, რომ ის შიმშილობის უფრო მძიმე ფორმებზე გადავიდეს, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე გადავიდა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი