მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინისთვის მოხუცები თაკარა მზეში რომ იდგნენ, აქაც „ნაცები“ მოვიდნენ და მოიპარეს დოზები?“ - ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

„ზრდილობის გულისთვის, ვინმე მაინც არ უნდა გადადგეს, ბოდიში მაინც არ უნდა მოიხადოს? თუ მანდაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა და ის დოზები მოიპარა? რა ჰქვია იმას, რაც გუშინ მოხდა და რა ჰქვია იმ არხეინობას რაც არის მას შემდეგ? ასეთ ქვეყანაში როდემდე უნდა ვიცხოვროთ, როცა არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს?“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ვაქცინაციის დროს მომხდარ შეფერხებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტზე, რომ „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთებისთვის მოხუცი ადამიანები საავადმყოფოებში ტყუილად მივიდნენ, ვინმემ პასუხი უნდა აგოს ან ზრდილობისთვის ბოდიში მოიხადოს.

„ყველამ გავიგეთ მავნებლური ფაქტის შესახებ, როცა გუშინ „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე ჩაწერილი ასაკოვანი ადამიანები იდგნენ გუშინ თაკარა მზეში საავადმყოფოებში, „რესპუბლიკურში“, როგორც ვიცი ინფექციურშიც და ელოდნენ ვაქცინას. გამოვიდა პერსონალი და მხრები აიჩეჩა, მათ გამოუცხადეს, რომ რაღაც ხარვეზია და წაბრძანდით სახლშიო.

შემდეგ ნაწილს დაურეკეს, ნაწილს არ დაურეკეს. წინასწარ მაინც დაერეკათ ამ რეგისტრირებული ადამიანებისთვის, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან არ მისულიყვნენ მეორე ბოლოში. ამ მავნებლობის გამო ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს შესაბამის კლინიკებში მარაგის არ არსებობის გამო, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით რამდენიმე ასეული ადამიანი ვერ აიცრა.