მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება არაერთხელ დააანონსა.

სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და მას არ ეშინია მართლმსაჯულების, რადგან თუ დააკავებენ, მის გასათავისუფლებლად ქართველი ხალხი იბრძოლებს.

ექსპრეზიდენტის მიერ 16-ჯერ დაანონსებულ ჩამოსვლაზე, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს: „რაო მიხომ, ჩამოვაო? რისი თავი აქვს მაგ საცოდავს“.

მეტიც, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ლაჩარი კაცი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“.

სააკაშვილის მრავალჯერ დაანონსებულ ჩამოსვლას, გარდა ღარიბაშვილისა, ქილიკით უყურებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ მას ჩამოსვლისთვის გამბედაობა არ ეყოფა.

საპირისპიროს ფიქრობენ ოპოზიციაში. ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლით საქართველოში ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშლება.

ამასთან, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლით გარდამტეხი ეტაპი დაიწყება.

რა ბედი ელის სააკაშვილს საქართველოში და რამდენ წლიანი სასჯელი ელოდება მას სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში?

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge სისხლის სამართლის იმ საქმეების ჩამონათვალს გთავაზობთ, რაშიც ექსპრეზიდენტი ბრალდებულიც არის მსჯავრდებული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

👉 სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

საუბარია 2006 წლის 28 იანვარს მომხდარ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

👉 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე“)

👉 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით

საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.

👉 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ’“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,„ბ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, სხვადასხვა სასჯელის ვადა არ ჯამდება და მსჯავრდებულს ელოდება სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველაზე მაღალი სასჯელი. ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

🔴 რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?

🔴 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“ - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

🔴 „მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია