მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო საკუთარი სურვილით იმყოფება“ - პენიტენციური სამსახური

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  Pia.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამარტოო საკანში მხოლოდ საკუთარი სურვილით იმყოფება.

ამავე ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფება.

„განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა.

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც დღის განმავლობაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც შუქდება.

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს რაც შეეხება, იგი გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. ამიტომ მან პენიტენციურ სამსახურს ხელახალი ვიზიტის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად განცხადებით უნდა მიმართოს და დაასაბუთოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დადგენილი წესის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური განიხილავს მის განცხადებას და პასუხს აცნობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი