მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს“ - სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

როგორც მეუფემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან კომენტარში აღნიშნა, პრეზიდენტის დაკავება ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარების ნიშანია.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების არასწორი გზა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს და საერთო ენა უნდა გამონახოს ყველამ. ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც. თუ ამ გზით წავალთ, ადრე თუ გვიან, ყველა ციხეში ამოყოფს თავს, ამიტომ რა საჭიროა? არასწორია პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, ისევე, როგორც თუნდაც პრემიერ-მინისტრის“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

მოქალაქეებთან ერთად პეტიციას სასულიერო პირებიც აწერენ ხელს. კერძოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ხელმოწერით უკვე დაეთანხმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი