მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 ლარიანი დახმარება - როგორ უნდა მოიქცეთ კომპენსაციის მისაღებად?

ფულადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები იმ შემთხვევაში, რომ მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მოამზადა მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი დაწესებული შეზღუდვების გამო საქმიანობა შეგიჩერდათ?

იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

ვინ წარადგენს განაცხადს?

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

რა ეტაპს გაივლით, სანამ 300 ლარიან დახმარებას მიიღებთ?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

ვინ ვერ მიიღებს კომპენსაციას?

კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე, საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

👉 ცნობისთვის, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ გაიცემა, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 100, 200 და 300 ლარი - ვინ რა დახმარებას მიიღებს?

👉 მთავრობის დახმარება - ვინ და როგორ მიიღებს კომპენსაციას?