მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯში „მთავარი არხის“ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება დავით გარეჯში

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ივერი მელაშვილის ჩასაწერად იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თქმით, მას და ოპერატორს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და კამერა წაართვეს.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩვენ ვიმყოფებოდით ივერი მელაშვილთან ერთად. იქ არ იყვნენ სასულიერო პირები და მრევლი, მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მე ოპერატორი და ბატონი ივერი მელაშვილი. როდესაც მიმდინარეობდა ჩაწერა, მოვიდა სასულიერო პირი აგრესიით ბატონ ივერისთან, უთხრა რომ ის იყო მოღალატე, არ ჰქონდა დავით გარეჯში ჩასვლის უფლება და იყო დაძაბული საუბარი.

ეს სასულიერო პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში თუ არ ვცდები ეს იყო მამა იორამი. მასთან იმყოფებოდა სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ჯერ ოპერატორისთვის სცადა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ჩვენს მიმართაც, ამასობაში რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა ადგილზე და დაიძაბა ვითარება ისე, რომ ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ჩვენი კამერაც“, - აცხადებს ნინუცა კეკელია.

არსებული ინფორმაციით, ივერი მელაშვილზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

დავით გარეჯის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საგარეჯოს გზაზეც, სადაც ივერი მელაშვილს ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს. მათი თქმით, ივერი მელაშვილი გამყიდველია, რადგან აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა, ამიტომ იქ მისვლის უფლება არ აქვს.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაპირისპირების ინიციატორი პირი საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.