მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer-მა ვაქცინის ტესტირებაში დიდ წარმატებას მიაღწია

ვაქცინის კვლევების წარმატება

კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. გამოცემა news.sky.com-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

ვაქცინის ტესტირების მე-3 ფაზაში 43 538-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ორგანიზმში ვაქცინა და პლაცებო შეიყვანეს. კვლევებში მონაწილე ადამიანებიდან მხოლოდ 94 ინფიცირდა, თუმცა, მათაც დაავადება საკმაოდ მარტივად გადაიტანეს.

„ეს დიდი დღეა მეცნიერების ისტორიაში, ჩვენი ვაქცინის კვლევებმა აჩვენა, რომ ის COVID 19-ით ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს,“ - განაცხადა Pfizer-ის დირექტორმა ალბერტ ბურლამ.

Pfizer და BioNTech იმ კომპანიებს შორისაა, რომლების კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზის გამოშვებას შეძლებენ, ხოლო 2021 წლის ბოლომდე უკვე ვაქცინის 1 მილიარდ 300 მილიონ დოზას შექმნიან.

კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევები გრძელდება, თუმცა ის შედეგი, რაც დღეისთვის მიიღეს, სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.