მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ, ფრედ დავამთავროთ, შავ დღეში ვარ“, წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა - ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი „მთავარი არხის“ ეთერში ბადრი ჯაფარიძე-მამუკა ხაზარაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

ხუხაშვილის თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე თეთრი ძაფით იყო შეკერილი. 

ხუხაშვილი ამბობს, რომ თაღლითობის საქმე, კიდევ უფრო დიდი აბსურდი იყო, რადგან ამ მუხლით გასამართლებაზე ხანდაზმულობის ვადა იყო გასული. 

„მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ და ფრედ დავამთავროთ, მე თავი დამანებეთ, იმიტომ რომ შავ დღეში ვარ, აქედან ესენი მაწვებიანო“. მესმის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებას ვიღებო, მაგრამ რა ვქნაო. 

ფაქტობრივად ამას ამბობს მოსამართლე. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა. ფულის გათეთრება რომ აბსურდი იყო, ამაზე მილიონი არგუმენტია მოყვანილი, თეთრი ძაფით იყო შეკერილი ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, მაგრამ თაღლითობის საქმე, კიდევ უფრო დიდი აბსურდია. თუნდაც იმიტომ რომ ამ მუხლით გასამართლებაზე ხანდაზმულობის ვადა იყო გასული, შესაბამისად არა თუ ვერდიქტის გამოტანის, არამედ ძიების წარმოების უფლებაც არ ჰქონდა პროკურატურას. ფულის გათეთრების კვალიფიკაცია დასჭირდათ იმისთვის, რომ ხანდაზმულობის ვადის პრობლემა გადაეწყვიტათ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ამით რას მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა, ხუხაშვილი ამბობს, რომ ამით ანაკლიის პროექტი ჩაიშალა. 

„ამით იმას მიაღწია, რომ ანაკლიის პროექტი ჩაიშალა. ხაზარაძის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის მას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ეს იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, პირადი, ასე რომ ვთქვათ კვირიკაშვილთან დაკავშირებული ეჭვიანობა და ასე შემდეგ. 

ასე რომ, მისი გაგებით ბევრი მიზეზი ჰქონდა თუ რატომ უნდა დაესაჯა ხაზარაძე. აი, ეს იყო, მეტი არაფერი. გასცა ბრძანება „რაღაცა მოიფიქრეთ, ის რაც გინდათ“. ამათმა ქექეს და რაღაცა იპოვეს. ანაკლიის პორტი არის უზარმაზარი შესაძლებლობების გაშვებული შანსი. ეკონომიკური მოტივით ჰქონდა, ნუ ვიტყვით რომ მხოლოდ შურისძიება იყო. 

თავიდან ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად წაგებიანი იყო, მან ვერ დაინახა ამ პროექტის მიმართ რაღაც სტრატეგიული ინტერესი, მერე გადაულოცა ხაზარაძეს, შემდეგ კი დაინახა, რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია და გადაწყვიტა, კონტროლი აღედგინა პროექტზე. როგორ აღედგინა კონტროლი? ოპერატორის დისკრედიტაცია უნდა მოეხდინა, დაეფრთხო პოტენციური ინვესტორები, შესაბამისად ოპერატორი ვეღარ შეასრულებდა საინვესტიციო ვალდებულებებს. 

მისი ამოცანა მეორე ეტაპზე აღარ იყო პროექტის გაჩერება, მისი ამოცანა იყო პროექტზე კონტროლის დაბრუნება, რომ შემდეგ აქეთ რუსეთთან ევაჭრა და იქით ამერიკელებთან. ეს იყო მისი იდეა და როგორც ყველაფერი სხვა, აქაც ჭაობში შეიყვანა ყველაფერი. კონტროლი კი არ აღადგინა პროექტზე, არამედ ჩაშალა და გაანადგურა“, - დასძინა გია ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

პირველმა ინსტანციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავეებად ცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა სასჯელის ხანდაზმულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში არ გაუშვა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს.

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

ამავე თემაზე: 

🔴 ფულის გათეთრების აბსურდული საქმე არ არსებობს, ბრძოლა გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე