COVID-19

ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე

წარწერა შეაჩერეთ კორომავირუსი
1641996045
დაკოპირებულია

რატომ არ შეიძლება ომიკრონის შტამის თვითდინებაზე მიშვება? მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების უმეტესობას დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს, ექსპერტები წინააღმდეგები არიან, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უკონტროლოდ გავრცელდეს, რადგანაც რისკი მაინც ძალზე მაღალია. ამის შესახებ სტატიას Deutche Welle ავრცელებს

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ტობიას კურტი ამბობს, რომ ეს პროცესი „რუსულ „რულეტკას“ არ უნდა დაემსგავსოს.

„აცრილი ადამიანებიც კი შეიძლება თავიდან ინფიცირდნენ და, მართალია, ძალზე იშვიათად, მაგრამ დაავადება შეიძლება მძიმედ წარიმართოს. რაც შეეხება აუცრელ ადამიანებს, ისინი კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და სხვასაც საფრთხეს უქმნიან“, - ამბობს მეცნიერი.

ომიკრონის შტამი სულ უფრო სწრაფად ვრცელდება და დომინანტი ხდება. პარალელურად ექსპერტები ისევ პოპულაციური იმუნიტეტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც პანდემიის დასასრული იქნება. ამასთანავე ეპიდემიოლოგთა ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ უბრალოდ დაველოდოთ, როდის გადაიტანს ყველა კორონავირუსს, ყველა გულხელდაკრეფილი დასხდეს და კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირებას დაელოდოს.

„არავითარ შემთხვევაში! ომიკრონი ისეთი საშიშიც რომ არ იყოს, როგორც დელტა შტამი, საკმაოდ ბევრი ადამიანი არსებობს, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება პოპულაციურ იმუნიტეტს, მისი ფორმირება მხოლოდ კოვიდგადატანილ პირებში არ ხდება და მას ვაქცინირებული ადამიანებიც წარმოადგენენ“, - ამბობს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ კაუტერბახი.

ტობიას კურტის აზრით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოპულაციური იმუნიტეტის ფორმირება ისე მოხდეს, რომ ჯანდაცვის სისტემაზე არ იყოს ზეწოლა და ამან კოლაფსი არ გამოიწვიოს.

„იმუნური სისტემა ვირუსთან კონტაქტის და ვაქცინაციის შედეგად უნდა იყოს აქტივირებული. დაავადების ტალღების შემცირების შემდეგ SARS-CoV-2 შეიძლება სეზონური ვირუსის მსგავსი გახდეს“, - ამბობს კურტი.

მისი თქმით,  როდის მოხდება პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, რთული სათქმელია, რადგანაც ორგანიზმის იმუნური რეაქცია ძალზე ინდივიდუალური და არასტაბილურია.  ვინც კორონავირუსი გადაიტანა, შეძლება მეორედ დაინფიცირდეს, ზოგ შემთხვევაში ვაქცინაციაც არ იცავს ადამიანს. განსაკუთრებით ეს იმ დროს ხდება, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი ჩნდება. ვირუსოლოგების თქმით, საბედნიეროდ, ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსთან ბოლო კონტაქტს იმახსოვრებს და შემდეგ ისეთი რეაქცია აქვს, რომ დაავადება  ადამიანს უფრო მარტივად გადააქვს.

„ვირუსის ახალ შტამთან კონტაქტს მე რაიმე ენის დიალექტს შევადარებდი. აი, მე კლასიკურ გერმანულ ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ შემიძლია ბავარიული დიალექტიც გავიგო და მას შევეჩვიო, თუნდაც ყველა სიტყვა 100%-ით არ მესმოდეს“, - ამბობს ტობიას კურტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის შტამი ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. ეს შტამი მსოფლიოში დომინანტური ხდება. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

🔴 5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴  დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?