მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

ქალი ცხვირიდან იღებს ნაცხს კორონავირუსის დასადგენად Pia.ge
1641990011
COVID-19

„ომიკრონი“ ყველა სხვა შტამზე უფრო გადამდებია, რაც მეცნიერულად დადასტურებულია. არის თუ არა ის დელტა შტამზე უფრო საშიში? როგორ იცავს ადამიანს ახალი შტამისგან ვაქცინაცია, პირბადე, პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცირება? ამის შესახებ სტატიას nationalgeographic.com ავრცელებს. 

თუ ახლა აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდით, ძალზე მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს „ომიკრონის“ შტამია, რაც ამჟამად ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების 95%-ს შეადგენს.

ათობით მუტაციის მქონე „ომიკრონი“ მანამდე დომინანტური „დელტა“ შტამისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ეს კი ნიშნავს, რომ რისკების მართვის წესებში, რაც პანდემიის ორწლიანი გამოცდილების შედეგად შეიქმნა, გარკვეული ცვლილებები შევა.

„ომიკრონი“ უფრო გადამდებია და ის ორგანიზმში არსებულ ანტისხეულებს გვერდს უვლის.

„მე ყველაზე წარმოუდგენლად მეჩვენება ის ფაქტი, თუ რამდენად გადამდებია ეს შტამი. აქამდე ასეთი გადამდები დაავადება არ შემხვედრია“, - ამბობს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი კარლოს დელ რიო.

ის ეთანხმება სხვა მეცნიერებს, რომ „ომიკრონი“ წინა შტამებთან შედარებით დაავადების უფრო მსუბუქ ფორმას იწვევს. 

SARS-CoV-2-ის ყველა შტამებს შორის ყველა განსხვავების მიუხედავად, არის რამდენიმე საერთო რეკომენდაცია მათგან დასაცავად - ეს არის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება.

იწვევს თუ არა მართლა „ომიკრონი“ იმაზე უფრო მსუბუქ დაავადებას, ვიდრე „დელტა“ შტამი?

აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით შესაძლებელია იმის თქმა, რომ „ომიკრონი“ წინა შტამებზე უფრო მსუბუქ დაავადებას იწვევს. სამხრეთ აფრიკაში, სადაც „ომიკრონი“ პირველად 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს, ზრდასრულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 29%-ით დაბალია იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც კორონავირუსით რამდენიმე თვის წინ იყო ინფიცირებული.

დიდ ბრიტანეთში „ომიკრონით“ ინფიცირების დროს სამედიცინო პერსონალს დახმარებისთვის სამჯერ ნაკლებმა ადამიანმა მიმართა, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში.  შესაბამისი ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ გაავრცელა.

აშშ-ში 14 000 პაციენტში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წინა შტამებთან შედარებით „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის და გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის ფაქტები ორჯერ ნაკლებია. ასევე, ნაკლებია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდათ.

ეპიდემიოლოგ კარლოს დელ რიოს თქმით, პაციენტებს უფრო იშვიათად უფიქსირდებათ პნევმონია, ასევე, ნაკლებია ჰიპერაქტიური იმუნური სისტემის შემთხვევები, რაც წინა შტამებში საკმაოდ ხშირი შემთხვევა იყო. სიმპტომებს შორის არის გაჭედილი ცხვირი და ყელის ტკივილი.

„ომიკრონის“ სიმპტომები ძალზე წააგავს გაციებას“, - ამბობს ექსპერტი.

არის თუ არა „ომიკრონით“ დაავადების სიმძიმე დამოკიდებული პაციენტის ასაკზე?

Case Western-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, „ომიკრონი“ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის „დელტაზე“ ნაკლებად უფრო სახიფათოა, ეს 65 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც ეხება და ბავშვებსაც.

„რაც უფრო ხანდაზმული ხართ, მით უფრო დიდ რისკს წარმოადგენს თქვენთვის ვირუსი. ეს სხვა დაავადებების მქონე პირებსაც ეხება“, - ამბობს  კარლოს დელ რიო.

ასევე, რისკჯგუფში არავაქცინირებული ადამიანებიც შედიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ მიმართ ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე სხვა შტამებთან შედარებით, ვაქცინირებულ ადამიანებში ამ შტამით ინფიცირების დროს ჰოსპიტალიზაციის რისკი არავაქცინირებულებზე 88%-ით დაბალია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ახლა ძირითადად აუცრელი ადამიანები იმყოფებიან.

როგორც ჯანმოს დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, ომიკრონი ადამიანებისთვის მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ამ შტამისგანაც ბევრი ადამიანი იღუპება.

რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ისე დელტაზე სუსტია?

დანიის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, „ომიკრონი“ დელტაზე 3-4-ჯერ უფრო გადამდებია. ის ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს გვერდს უვლის და ინფიცირებას მაინც იწვევს. შესაბამისად მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება.

„ომიკრონს“ 36 მუტაცია გააჩნია. მუტაციები სპაიკ-ცილაში ფიქსირდება, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედებზე დასამაგრებლად იყენებს. ამას ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

წინა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი“ ფილტვების უჯრედებს ისე ვერ აინფიცირებს, როგორც წინა შტამები, რის შედეგად პაციენტებს უფრო მსუბუქი სიმპტომები უფიქსირდებათ. ამასთანავე, ზედა სასუნთქ გზებში „ომიკრონი“ ასჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება „დელტა“ შტამთან შედარებით.

ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსი ევოლუციას განიცდის და ამჟამად ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში გავრცელება მისთვის უფრო ხელსაყრელია. „ომიკრონი“ რეპლიკაციით და მაღალი ტრანსმისიულობით ხასიათდება, თუმცა, ადამიანში დაავადების უფრო მსუბუქ ფორმას იწვევს.

რა ცვლილებები შედის ტესტირების პროცესში?

კორონავირუსის ყველა შტამს პირის ღრუს უჯრედების ინფიცირება შეუძლია. „ომიკრონი“ კი იქ სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. სამხრეთ აფრიკაში 382 პაციენტზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში უფრო ზუსტი იყო ტესტის აღება ცხვირიდან, მაშინ როდესაც „ომიკრონის“ შემთხვევაში ნერწყვის ანალიზი უფრო ზუსტი აღმოჩნდა.

აშშ-ში დეკემბერში ჩატარებულმა კვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ ცხვირიდან აღებული სინჯით „ომიკრონის“ გამოვლენა საკმაოდ პრობლემურია.

„ექსპრეს ტესტები შექმნილი იყო ცხვირიდან ანალიზის ასაღებად. შესაბამისად, ჯერჯერობით როგორც სწრაფი, ასევე, PCR ტესტების გაკეთების წესები იგივე დარჩება“, - ამბობს ჰიუსტონის სამედიცინო ცენტრის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი ჯილ უეზერჰედი.

მისი თქმით, სჯობს თუ არა ტესტის აღება ცხვირიდან თუ პირიდან, ეს საბოლოოდ დადგენილი არ არის და ამიტომ დამატებითი კვლევები ჩატარდება.

იცავს თუ არა „ომიკრონისგან“ ორი პირბადე?

პირბადის ტარების შესახებ რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში სპეციალისტები ქირურგიული, ან N95-ის სტანდარტის პირბადის ტარებას უჭერენ მხარს. ამერიკაში კი უფრო მაღალი ხარისხის პირბადეების ტარებას ემხრობიან

სწორი გამოყენების შემთხვევაში N95-ის პირბადე ნაწილაკების 95%-ს აჩერებს. ქირურგიული პირბადეები ნაწილაკების 74%-ის ბლოკირებას ახდენს. რაც შეეხება ორ პირბადეს, ამაზე ციფრები განსხვავებულია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ქირურგიული პირბადე უბრალო, ნაჭრის პირბადესთან ერთად ნაწილაკების 85%-ს აჩერებს.

„თავისთავად მხოლოდ პირბადე დაცვას ვერ უზრუნველყოფს, აუცილებელია დამცავი ზომების კომბინაცია. თუ ხართ ვაქცინირებულები, ატარებთ ხარისხიან პირბადეს და მას სწორად იყენებთ, ბუნებრივია, ვირუსისგან, მათ შორის „ომიკრონისგან“ უფრო დაცულები იქნებით“, - ამბობენ ვირუსოლოგები.

აუცილებელია თუ არა ზედაპირის დეზინფიცირება, სოციალური დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენის გამკაცრება?

წინა შტამის მსგავსად, „ომიკრონიც“ ჰაერით გადაეცემა, ამიტომ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ზედაპირის დეზინფიცირება, ნაკლებად ეფექტიანი საშუალებაა.

„ამაზე დროის, ენერგიის ფულის და ნერვების დახარჯვა არ ღირს, სჯობს ხელები უფრო ხშირად დაიბანოთ, დაიცვათ დისტანცია და ატაროთ პირბადე“, - ამბობს  ექსპერტი ჯილ უეზერჰედი.

ასევე, ექსპერტები კვლავ „6 ფუტის“ {2 მეტრი} წესის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„რა თქმა უნდა, ვირუსი შეიძლება 6 ფუტზე {2 მეტრი}უფრო დიდ დისტანციაზეც გავრცელდეს, მაგრამ დისტანციის გაზრდის დროს ინფექციის გადადების რისკი მცირდება“, - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ექიმი ინფექციონისტი აბრაარ კარანი.

ომიკრონის გამოჩენის შემდეგ პანდემია უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, თუ უფრო მალე დასრულდება?

იმის გამო, რომ „ომიკრონი“ 1 თვეზე ოდნავ დიდ ხანს არსებობს, მისი ყველა სიმპტომების გამოსავლენად კიდევ გარკვეული დრო არის აუცილებელი. სპეციალისტებს ოპტიმიზმის საფუძველს ის აძლევს, რომ „ომიკრონი“ წინა შტამების მსგავსად ფილტვებს არ აზიანებს, შესაბამისად არის იმის ალბათობა, რომ პანდემიის მძიმე ეტაპი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴  დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?