მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით არახამია „უძლეველობის პუნქტების“ მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ვიტალი კლიჩკოს ერთკვირიან ვადას აძლევს

დავით არახამია

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებამ „უძლეველობის პუნქტების“ ორგანიზებაში დაშვებული შეცდომები ერთ კვირაში უნდა გამოასწოროს, რის შემდეგაც, დედაქალაქის, კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ერთად პუნქტებს შეამოწმებენ.

„კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიორიტეტად. რუსეთი გააგრძელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოქალაქეთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. ჩვენი მიზანია, კიევში შევქმნათ სტაბილურობის წერტილები, სადაც მოქალაქეები კრიტიკულ დროს მხარდაჭერას მიიღებენ. ან ამას გააკეთებენ ქალაქის ხელისუფლების წევრები, ან ჩვენ ვიპოვით მათ, ვისთვისაც 3 მილიონი კიეველის ბედი სულერთი არ არის. ჩვენ ორივე ვარიანტი გვაწყობს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ამ თემაზე არ იქნება და არც შეიძლება, იყოს... მაქვს წინადადება. ერთ კვირაში ქალაქის ხელისუფლება გამოასწორებს შეცდომებს და მერთან ერთად წავალთ შემოწმებაზე. ეს იქნება საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ არცერთი ჩვენგანი არ ეძებს სპეკულაციას“, – განაცხადა არახამიამ.

არახამიამ აღნიშნა, რომ ხალხის მსახურის სახალხო დეპუტატებმა გადაწყვიტეს, 26 ნოემბერს ჩაეტარებინათ ინსპექტირება დედაქალაქში „უძლეველობის პუნქტებში“ იმის გამო, რომ „ქალაქის ხელისუფლების ანგარიშები ძალიან განსხვავდება ხალხის ნათქვამისგან და რასაც მედია აქვეყნებს“. ასეთი შემოწმების ერთადერთი მიზანი, ფრაქციის ხელმძღვანელის თქმით, სიტუაციის გამოსწორების სურვილია.

მანამდე, 25 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიტალი კლიჩკოს უსაყვედურა და სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდა. უძლეველობის პუნქტები არის ადგილი, სადაც მოსახლეობას შეუძლია გათბეს, ტელეფონი დატენოს და ა.შ.

არახამიას განცხადებას, თავად კიევის მერიც გამოეხმაურა. 

„აღვნიშნავ, რომ არ გვინდა მანიპულაციები. გუშინ მე შევხვდი მმართველი პარტიის დეპუტატებს, რომლებიც პირადად იმყოფებოდნენ „უძლეველობის პუნქტებში“ და მითხრეს, რომ ყველა ეს პუნქტი ღიაა და კარგად მუშაობს. შემდეგ კი, სოციალურ ქსელებში რაღაც ფოტოები გამოაქვეყნეს. ეს რბილად რომ ვთქვათ, ლამაზად არ გამოიყურება როგორც უკრაინელებისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად ვიმუშაოთ და არ დავიწყოთ რაღაც გაუგებარი პოლიტიკური ცეკვები“, – წერს კლიჩკო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს... იღებს სამარცხვინო სახეს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ შიდა არჩევნებზე