მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს ზურგს უკან მარცხენა ხელში იარაღი აქვს და მარჯვენა ხელი გამოწვდილი აქვს ხელის ჩამოსართმევად“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინამ ისე წაიკითხოს მინსკის შეთანხმება, როგორც თავად რუსეთი კითხულობს. 

როგორც ზაქარეიშვილმა Pia.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რუსეთის მთავარი ამოცანა ომის დაწყება არაა.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთს სურს, უკრაინა მოლაპარაკებებზე წამოიყვანოს, რაც გულისხმობს დონბასზე გარკვეული ავტონომიური სტატუსის მინიჭებას. კონფლიქტოლოგმა ამ პროცესში დასავლეთის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთი ცდილობს უკრაინა დაარწმუნოს და დონბასს სტატუსი მიანიჭოს.

„ამ წუთს სიტუაცია თითქოს შენელებულია. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ მთელი მსოფლიო დიპლომატია მას ელაპარაკება. დასავლეთი ცდილობს, თავი მოუქონოს რუსეთს და არ შეუწყოს ხელი, რომ ომი დაიწყოს. ვფიქრობ, რუსეთს ომი არ აწყობს, მაგრამ ხმაური და ყურადღება აწყობს. არ მგონია მისი მთავარი ამოცანა ომი იყოს. მთავარი ამოცანაა, როგორმე უკრაინა აიძულოს, წამოიყვანოს მოლაპარაკებებზე, რათა დონბასს მისცენ გარკვეული ავტონომიური სტატუსი, რომელიც რუსეთის წაკითხვით წერია მინსკის შეთანხმებაში. უკრაინა კი ამბობს, რომ ეს ასე არ წერია. განსხვავებაა, როგორ ინტერპრეტაციას ახდენს უკრაინა და რუსეთი მინსკის საკითხზე. ვფიქრობ, დასავლეთი ცდილობს, დააჯეროს უკრაინა, მინსკის შეთანხმება წაიკითხოს ისე, როგორც რუსეთი კითხულობს. ანუ დონბასს მისცენ სტატუსი. უკრაინა წინააღმდეგია და არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ჩემი აზრით, ამ წუთს არის ასეთი მომენტი, რომ დასავლეთი მოძრაობს რუსეთსა და უკრაინას შორის, რომ რუსეთის პოზიციები როგორმე მიაღებინოს უკრაინას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანს უკრაინის ისე დაზიანება წარმოადგენს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერასდროს გახდეს.

„ვფიქრობ, რუსეთს ურჩევნია, შეტაკებების გარეშე მიიღონ რაღაც, ვიდრე სისხლი დაღვარონ. რუსეთს ზურგს უკან მარცხენა ხელში აქვს იარაღი და მარჯვენა ხელი გამოწვდილი აქვს ხელის ჩამოსართმევად, ოღონდ თავისი პირობებით. რუსეთის მთავარია ამოცანაა, უკრაინა დააზიანოს ისე, რომ უკრაინა ვერ გახდეს ვერასდროს ნატო-ს წევრი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, მას დონბასის მითვისება იმდენად არ უნდა, როგორც უნდა, რომ დონბასი იყოს ხელკეტი უკრაინაზე ზემოქმედებისა. ამიტომ, თუ უკრაინას მიაცემინებს დონბასზე რაღაც სტატუსს, მაგალითად, თუ ფედერაციული მოწყობის სუბიექტი იქნება, მაშინ დონბასი გარკვეულწილად ვეტოს დამდები გახდება. მაგალითად, ამით დონბასმა შეიძლება შეაფერხოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ვფიქრობ, რუსეთს სურს, დონბასი მეხუთე კოლონად ჩაუსვას უკრაინას და იქიდან მართოს სიტუაცია“, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუ კონფლიქტი მოლაპარაკებით დასრულდა და უკრაინამ ისე წაიკითხა მინსკის შეთანხმება დონბასის ნაწილში, როგორც რუსეთი კითხულობს, ეს რუსეთისთვის რეალური წარმატება იქნება და ის სიმბოლურ და მორალურ  გამარჯვებასაც მიიღებს.

„დონბასი იქნება სუფთა შედეგი, იქ მიაღწია იმას, რომ უკრაინამ მიიღო დონბასის სტატუსი ისე, როგორც რუსეთი ხედავს, ეს იქნება რუსეთის რეალური წარმატება, ხოლო სიმბოლური იქნება ის, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა ამას დათანხმდება. ზელენსკი მომხრეც რომ იყოს, უკრაინაში ნამდვილი დემოკრატიაა. ზელენსკიმ სულ რომ ფეხები უკოცნოს პუტინს, პარლამენტი ამას არ გადაყლაპავს. რა თქმა უნდა, ამას ჰიპოთეტურად ვამბობ.

რუსეთი თუ შეიარაღებულ შეტევაზე გადავიდა, რუსეთი შევა დონბასში, როგორც შევიდა სამხრეთ-ოსეთში და ოფიციალურად დაიკავებს ტერიტორიას და კიდევ უფრო დაამძიმეს ვითარებას... თუ ასე მოხდა, უკრაინა ხომ არ დაჯდება და უყურებს, როგორ მოძრაობს რუსული ჯარები დონბასში, მას მოუწევს პასუხის გაცემა. მოუწევს ჯარების დონბასში გადაადგილება და შეტაკება გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამავე თემაზე:

🔴  რუსეთში ქვედანაყოფების ნაწილი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 

🔴 „ბელარუსმა დაგვარწმუნა, რომ მისი ტერიტორიიდან უკრაინაზე შეტევა არ განხორციელდება“ - ალექსეი რეზნიკოვი

🔴 ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს - თეთრი სახლი

🔴 უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იაპონია რუსეთს სანქციებს დაუწესებს

🔴 „შეერთებული შტატები შესაძლოა, უკრაინაში პროვოკაციას ამზადებდეს“ - დიმიტრი პოლიანსკი

🔴 „ნატო კვლავაც მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის“- იენს სტოლტენბერგი

🔴 რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - პენტაგონი

🔴 „ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება“ - ზელენსკი