მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Bloomberg-ის ცნობით, დაახლოებით 10 ქვეყანა მზად არის, ჯარები გაგზავნოს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ

ევროპის ჯარები

„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი უკვე მიმდინარე კვირაში შემუშავდება, რადგან ლიდერები გამოიყენებენ დონალდ ტრამპის მხარდაჭერას იმ გეგმის მიმართ, რომელიც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნას ითვალისწინებს.

„19 აგვისტოს ევროპელი ოფიციალური პირების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანელი და ფრანგული ჯარების გაგზავნის გეგმაზე, მათ შორის ჯარების რაოდენობისა და განლაგების განსაზღვრაზე“, - იუწყებიან სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროები.

წყაროების ცნობით, დაახლოებით 10 ქვეყანა მზადაა ჯარები გაგზავნოს ომისგან განადგურებულ ქვეყანაში.

ამასთან, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერის ხასიათი ჯერჯერობით გაურკვეველია.

„ევროპელი სამხედრო წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ამერიკელ კოლეგებს, რათა დააზუსტონ უსაფრთხოების მყარი გარანტიები და მოემზადონ დამხმარე ძალების განლაგებისთვის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

როგორც მედია წერს, გეგმის კიდევ ერთი ნაწილი გულისხმობს ე.წ. მხარდაჭერას შეერთებული შტატებისგან, რაც ხელს შეუწყობს დაზვერვის გაზიარებას, საზღვრის კონტროლს, იარაღის მიწოდებას და, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვას. ევროპელი ოფიციალური პირები ელიან, რომ აშშ, სულ მცირე, გააგრძელებს დაზვერვისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ევროპელი პარტნიორების მეშვეობით.