ბოლო კვირების განმავლობაში ევროპა ინციდენტების სერიის წინაშე აღმოჩნდა, დაწყებული აეროპორტების მუშაობის შეფერხებებით, დამთავრებული კიბერშეტევებითა და საჰაერო სივრცეში პროვოკაციებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ „უხილავი ფრონტის“ უკან მოსკოვი დგას და აგრესია ერთი გასროლის გარეშე მიმდინარეობს, წერს CNN-ი.
როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, „ჰიბრიდული თავდასხმები ევროპისთვის ახალ რეალობად იქცა“. რუსეთის ასეთი აქტივობა სულ უფრო და უფრო იძენს იმპულსს. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული ომი ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ მოიცავდა:
📌 20-ზე მეტ დრონს, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლონეთისკენ გაუშვეს;
📌 ესტონეთის საჰაერო სივრცის 12-წუთიან დარღვევას;
📌 ჰაკერულ თავდასხმებს რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებსა და ინფრასტრუქტურაზე;
📌 დანიის მახლობლად რუსული სამხედრო გემის დაფიქსირებას, რომლის ტრანსპონდერებიც გამორთული იყო.
არცერთ ამ შემთხვევას ოფიციალურად დადასტურებული დამნაშავე არ ჰყავს. ეს გაურკვევლობა სტრატეგიის ნაწილია: ეჭვისა და უნდობლობის დათესვა, მოქალაქეებში დაუცველობის შეგრძნების გაღვივება.
ევროპის პასუხი
დანია, რომელიც უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს, აძლიერებს თავის თავდაცვას: ის კიევს F-16-ებს აძლევს, დრონების წარმოებასა და სარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემების შემუშავებაში ეხმარება. დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში უკვე დაფიქსირებულა რუსული დივერსიული თავდასხმების შემთხვევები, დაწყებული საწყობებისთვის ცეცხლის წაკიდებით, დამთავრებული დივერსიისთვის დამნაშავეების დაქირავებით.
იაფფასიანი დრონებისგან თავდაცვა უკიდურესად ძვირია. მაგალითად, 30 000 დოლარიანი Shahed-ის დრონის ჩამოსაგდებად F-35 ავიაგამანადგურებელს შეუძლია გამოიყენოს ათიათასობით ევროს ღირებულების რაკეტა. ეს დილემას ქმნის: ყოველთვიურად მილიონები დაიხარჯოს თავდაცვაზე, თუ უსაფრთხოება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
რისკები პუტინისთვის
გამოცემის ცნობით, ჰიბრიდული ტაქტიკა შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს: დივერსანტებს შეუძლიათ საბედისწერო შეცდომების დაშვება, რამაც შეიძლება ნატოს ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი გამოიწვიოს. ამას შეიძლება დასავლეთის გადაჭარბებული, ან არაპროგნოზირებადი რეაქცია მოჰყვეს.
„მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჰიბრიდული თავდასხმები - განზრახ მოწყობილი, თუ შემთხვევითი - რიგით ევროპელებს აიძულებს, გაიგონ, რა ფასის გადახდა მოუწევთ უკრაინისადმი მათი მთავრობების მდგრადი მხარდაჭერის გამო“, - წერს გამოცემა.
ომის მეოთხე წელს პუტინმა მოახერხა ევროპაში ფრონტის ხაზის განცდის დამკვიდრება პირდაპირი ბრძოლის გარეშე. ფრენების დაგვიანება, ფასების ზრდა და კიბერშეტევები უკრაინულ მსხვერპლთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ ისინი ევროპული საზოგადოებებისა და მთავრობებისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, დაასკვნა CNN-მა.