მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

HIMARS – გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის?

HIMARS

აშშ-ის მიერ კიევისთვის რეაქტიული სისტემების, HIMARS-ების მიწოდებამ ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამ სისტემების დახმარებით უკრაინამ მტრის ზურგში განლაგებულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება შეძლო. Deutche Welle HIMARS-ების საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ სტატიას ავრცელებს. 

👉 რატომ სურს რუსეთს ასე დაჟინებით ბახმუტის აღება? – BBC

ივნისის ბოლოს უკრაინამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ დონბასში, იზიუმში რუსული სამხედრო ბაზაა განადგურებული. კიევის ინფორმაციით, მაშინ სულ მცირე 40 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. იმავე ღამეს კიდევ ერთი დარტყმის შედეგად საჰაერო სადესანტო ძალების ელიტარული რუსული პოლკის მეთაური დაიღუპა (რუსეთი არ აკეთებს კომენტარს თავისი სამხედრო პერსონალის დაღუპვაზე). ეს იყო HIMARS-ის (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა M142) დარტყმის შედეგად პირველი მსხვერპლი უკრაინის ომში.

შეერთებულმა შტატებმა HIMARS-ის მიწოდება უკრაინაში ივნისში დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო. შეტევები, რუსული ჯარისთვის ტრადიციულად, გამანადგურებელი საარტილერიო დარტყმებით იწყებოდა. HIMARS მალევე გახდა ძალზე მნიშვნელოვანი იარაღი უკრაინელი სამხედროების ხელში, რომლებმაც მისი მეშვეობით ათეულობით დარტყმა განახორციელეს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის საწყობებზე.

20 ივლისს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს კიდევ ოთხ HIMARS-ს მიაწვდის, რითაც უკრაინაში გაგზავნილი ამერიკული სარაკეტო სისტემების საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

„HIMARS-მა უკვე აჩვენა კარგი შედეგები ბრძოლის ველზე“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა: „ის გაზრდის ჩვენს ძალას და დაგვეხმარება ტერორისტული სახელმწიფოს დემილიტარიზაციაში“, - ამბობს რეზნიკოვი. 

რა არის HIMARS?

HIMARS არის სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებული მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემა (MLRS), რომელიც დამზადებულია კომპანია Lockheed Martin-ის მიერ. მისი წარმოება 1990-იან წლებში დაიწყო, 2000-იან წლებში კი ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამსახურში ჩადგა.

სარაკეტო სისტემას GPS-ით მართული ექვსი GMLRS (90 კმ-მდე) მართვადი რაკეტის ან ერთი ATACMS-ის ტიპის მართვადი რაკეტის გადატანა შეუძლია. ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია. თუმცა, შეერთებული შტატები ჯერ არ აწვდის უკრაინას ATACMS-ის რაკეტებს, იმ მიზეზით, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ეს კი კრემლმა შეიძლება აღიქვას, როგორც კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობა.

HIMARS მოქმედებს პრინციპით „გაისროლე და წადი“. სისტემას ემსახურება ეკიპაჟის სამი წევრი, რაკეტების ჩატვირთვას ხუთი წუთი სჭირდება. მობილურობა საშუალებას გაძლევთ სწრაფად დატოვოთ გაშვების ადგილი, რათა დაიცვათ ეკიპაჟი და სისტემა მტრის საპასუხო ცეცხლისგან. ამ სარაკეტო სისტემის ღირებულება, 2014 წლის ინფორმაციით, დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარი იყო.

👉 რუსეთის გავლენა ბოსნიაში: როგორ რეაგირებს სარაევო - DW

მთლიანობაში, Lockheed Martin-ის ინფორმაციით, 540 ასეთი სისტემა იყო გამოშვებული. აშშ, რუმინეთი, სინგაპური, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ახლა უკრაინა არიან ის ქვეყნები, რომლებსაც შეიარაღებაში HIMARS გააჩნიათ. ასევე, მოხდება ამ სისტემების მიწოდება პოლონეთსა და ტაივანში, ხოლო მომავალში ექვსი ასეთი სისტემას შეძენას შეერთებული შტატებისგან ესტონეთიც აპირებს.

ადრე HIMARS უკვე გამოიყენებოდა ავღანეთში, სადაც აშშ იყენებდა მათ ყანდაარის პროვინციაში თალიბების წინააღმდეგ, ასევე ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში, კიევს საზღვარგარეთიდან მიწოდებულმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებმა, როგორიცაა NLAW და Javelin, გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული ჯავშანტექნიკის განადგურების საქმეში, რომლებიც კიევისა და ხარკოვისკენ მიიწევდნენ. მოგვიანებით რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა და ცდილობდა უკრაინის აღმოსავლეთით, შეტევების განხორციელებას სარაკეტო დარტყმებისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით.

ამ კომპონენტში უკრაინა ჯერ კიდევ ჩამორჩება რუსეთს:  უკრაინული არტილერიის მაქსიმალური სროლის მანძილი ამერიკული სარაკეტო სისტემების მიღებამდე დაახლოებით 40 კილომეტრს შეადგენდა. მაგრამ HIMARS-მა დაამტკიცა, რომ არმიის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის - ის ეფექტიანად ანადგურებს სამეთაურო პუნქტებს, კომუნიკაციებს და ლოგისტიკის ძირითად ცენტრებს მტრის ზურგში, ამასთანავე, რუსული იარაღისთვის მიუწვდომელ მიზნებად რჩება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, HIMARS-ს შეუძლია შეცვალოს ომის მიმდინარეობა, თუ უკრაინულ ძალებში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამხედრო ექსპერტი და ბრიტანული რისკის ანალიზის კომპანია Sibylline-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯასტინ კრამპი, ეთანხმება ამ მოსაზრებას. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ HIMARS-ის მცირე რაოდენობასაც კი სერიოზული ეფექტი აქვს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იქნება კიევის მიერ ამ ტიპის იარაღის მიწოდების მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება.

არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც გასათვალისწინებელია ბრძოლის ველზე ისეთი ახალი საბრძოლო სისტემების გამოყენებისას, როგორიცაა HIMARS.

„ნებისმიერი იარაღის გამოყენების პრინციპი ის არის, რომ აუცილებელია არა მხოლოდ მისი ქონა, არამედ პერსონალის მომზადება, რომ ამ სისტემების მართვა შეძლონ. თქვენ უნდა გქონდეთ სათადარიგო ნაწილები, უზრუნველყოთ საბრძოლო მასალის მუდმივი მიწოდება, შეიარაღების ეფექტური გამოყენებისთვის ტაქტიკური მოქმედებები აწარმოოთ. უკრაინას სურს ერთდროულად მიიღოს ბევრად მეტი HIMARS, მაგრამ მათი ექსპლუატაციაში შეყვანა მარტივი საქმე არ არის. ასე რომ, ამ სისტემების რაოდენობა ნელა და სტაბილურად გაიზრდება“, - მიიჩნევს ექსპერტი.

ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე გავლენას აშკარად გრძნობს რუსეთი, რომელსაც, როგორც ჩანს, უჭირს თავისი ჯარების და ინფრასტრუქტურის დაცვა HIMARS-ის დარტყმებისგან. 18 ივლისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება „მაღალი სიზუსტის იარაღით მტრის შორი მანძილის რაკეტებისა და საარტილერიო სისტემების პრიორიტეტული განადგურების შესახებ“.

მიზანშია ამოღებული საწყობები და სამეთაურო პუნქტები 

ბრიტანეთის სამეფოს გაერთიანებული თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, უკრაინამ HIMARS ფრონტზე, ძირითადად, რუსული საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების შესაფერხებლად გამოიყენა, რადგანაც რუსული ძალები დღეში დაახლოებით 20 000 ჭურვს და რაკეტას იყენებდნენ.

„სრულიად აშკარაა რუსული საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობის მკვეთრი კლება დონბასსა და სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის გასწვრივ. ჭურვების საწყობები განადგურებულია სარაკეტო სისტემებით, რისი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს,“ - ამბობს ჯასტინ კრამპი. 

ზუსტი რაკეტები, ასევე, გამოიყენებოდა სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის თქმით, ივლისის დასაწყისში ხერსონის მახლობლად HIMARS-ის სარაკეტო იერიშის  შედეგად რუსი გენერალ-მაიორი, 22-ე არმიის კორპუსის შტაბის უფროსი არტემ ნასიბულინი დაიღუპა, (რუსეთმა გენერლის დაღუპვა არ დაადასტურა, ამასთანავე დაადასტურა HIMARS-ის დარტყმის შედეგად მე-20 გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მეთაურის, პოლკოვნიკ ალექსეი გორობეცის დაღუპვა ხერსონის მახლობლად).

22 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 დღეში რუსმა სამხედროებმა ოთხი HIMARS MLRS გაანადგურეს. თუმცა,აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ უარყო ეს განცხადებები. მისი თქმით, არცერთი სისტემა ჯერ არ არის განადგურებული.

მილიმ, ასევე, განაცხადა, რომ დაახლოებით 200-მა უკრაინელმა სამხედრომ HIMARS-ის სისტემების გამოყენების სპეციალური მომზადება გაიარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს ბახმუტის მიმართულებით წარმატების საშუალებას არ აძლევს, უკრაინელები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ სვატოვოში - საბრძოლო რუკები

👉 ვითარება ბახმუტში დაძაბულია, ცხედრებთან დაკავშირებით არ გვაქვს წარმატება - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

👉 აშშ-მა ფარულად შეცვალა Himars-ის სარაკეტო სისტემები, რათა უკრაინამ ის რუსეთის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად ვერ გამოიყენოს - WSJ

👉 პრიგოჟინი აშშ-ს ემუქრება, თუ „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს

👉 ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის კონტროლიდან გასვლაზე ან მასზე კონტროლის „მესამე მხარისთვის“ გადაცემაზე საუბარიც არ შეიძლება - ზახაროვა