მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[ინტერვიუ] „ერდოღანის ფენომენი“ და კანდიდატი, რომელმაც ოპოზიციის გაერთიანება შეძლო - თურქოლოგ ქამრან ოსმანლის შეფასებები

არჩევნები თურქეთში

14 მაისს მსოფლიოს ყურადღება თურქეთისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ექსპერტების შეფასებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 20-წლიანი მმართველობის (2003-2014-ში პრემიერ-მინისტრი, 2014 წლიდან პრეზიდენტი) განმავლობაში, ყველაზე რთული დაპირისპირება ელის, რაზედაც მისი მთავარი ოპონენტის, ქემალ კილიჩდაროღლუს რეიტინგი და გაერთიანებული ოპოზიციის განსხვავებული საშინაო და საგარეო ხედვები მეტყველებს. 

თურქეთში დაგეგმილი არჩევნების რეგიონალურ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც PIA.GE-სთან საუბარში მთავარი კანდიდატების შანსებს, ამომრჩევლის განწყობას და თურქეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ცვლილების პერსპექტივებს აფასებს.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ეხება არამხოლოდ თურქეთის შიდა ამბებს, არამედ მოიცავს მთელ რეგიონს, რადგან 5 წლით აირჩევა ახალი ხელისუფლება და მათ შორის, ახალი პრეზიდენტი, რომლის პოლიტიკაც გადამწყვეტი იქნება რეგიონისთვის“, - აცხადებს თურქოლოგი.

👉 სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს გამოკითხულთა 51.4% უჭერს მხარს

ქამრან ოსმანლი აღნიშნავს, რომ ერთ მხარეს არის ერდოღანი, რომელმაც პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში თურქეთში საკმაოდ მყარი რეიტინგი მოიპოვა, მეორე მხარეს კი კანდიდატი, რომელიც ქვეყანას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმას ჰპირდება.

თურქი ხალხის განწყობები - „ძალიან საინტერესოა, რომ ამდენი კრიზისის და უბედურების ფონზე, ერდოღანის რეიტინგი მაინც სტაბილურია“.

თურქოლოგი აღნიშნავს, რომ გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანმა თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის გამანადგურებელი შედეგების შემდეგაც მოახერხა რეიტინგის შენარჩუნება.

„ამას შეიძლება „ერდოღანის ფენომენიც“ ვუწოდოთ - მიუხედავად იმისა, რომ მოხდა უზარმაზარი მასშტაბის მიწისძვრა თავისი მსხვერპლითა და დესტრუქციით, მიუხედავად იმისა, რომ არის ეკონომიკური კრიზისი და ვხედავთ, როგორ დაეცა ლირის კურსი დოლართან მიმართებით, არის ჟურნალისტების დევნა და ა.შ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლოს რაც დავინახეთ, გამოკითხვების შედეგებით ერდოღანის რეიტინგი მაინც არ არის შემცირებული. 60 მილიონი ამომრჩეველი იქნება ამ არჩევნებზე და აქედან ნახევარი, შეიძლება ცოტა მეტიც, ერდოღანს უჭერს მხარს.

მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ საზღვარგარეთ მყოფი თურქებიც. ერთი მხრივ, ყველას ჰგონია, რომ თუ ადამიანები ქვეყნიდან არიან წასული, ისინი ავტომატურად ოპოზიციის მხარეს იქნებიან, თუმცა ახლა, საელჩოებში მიმდინარეობს არჩევნები და რაც დავინახეთ შედეგებით, ერდოღანი წინ არის, ანუ უცხოეთში მყოფი ადამიანებიც უჭერენ მხარს. ეს ძალიან საინტერესოა, რომ ამდენი კრიზისის და უბედურების ფონზე მისი რეიტინგი მაინც სტაბილურია და დაუბრუნდა იმ ძველ მაჩვენებელს, რაც იყო კრიზისამდე და მიწისძვრამდე“, - ამბობს ქამრან ოსმანლი.

ოპოზიციის კანდიდატი - „ფაქტია, ქემალ კილიჩდაროღლუ გახდა ერთადერთი პიროვნება, ვინც 6 განსხვავებული პარტია გააერთიანა“

ქამრან ოსმანლის თქმით, ბევრს არ სჯეროდა, რომ ქემალ კილიჩდაროღლუში ერდოღანისთვის სათანადო კონკურენციის გაწევას შეძლებდა.

„მას სურს ერდოღანის დამარცხება და ეს არის მისი პირადი სურვილი და ოცნება. ეს ფაქტია. გარდა ამისა, ის გახდა ერთადერთი პიროვნება, რომელმაც ექვსი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პარტიის გაერთიანება შეძლო ერთ ალიანსში. სხვა ლიდერებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან ერთ მხარეს არიან ქურთები, მეორე მხარეს ნაციონალისტი თურქები, იქით არიან მორწმუნე, ერდოღანისნაირი ადამიანები და ამ სამი განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ადამიანების გაერთიანება ერდოღანის წინააღმდეგ შეუძლებელი იყო, ვერავინ ვერ ახერხებდა ამის გაკეთებას.

ქემალი არის ძალიან საინტერესო ფიგურა, ქარიზმის ნაწილში ერდოღანისნაირი ქარიზმატული და ძლიერი ლიდერი არ არის, მით უმეტეს, დავრწმუნდით, რომ ერდოღანთან პირისპირ რამდენი არჩევნებიც ჰქონდა, ყველგან დამარცხდა. ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რის გამოც ოპოზიციური ერთიანობის სხვა წევრები დაობდნენ - შენ თუ ყველა არჩევნები წააგე, სხვა, უფრო ძლიერი კანდიდატი უნდა გამოვიყვანოთო, მაგრამ ფაქტია, კილიჩდაროღლუ გახდა ერთადერთი ლიდერი, ვინც ოპოზიცია გააერთიანა“, - აღნიშნავს ოსმანლი.

რას ჰპირდება ერდოღანი ამომრჩეველს? - „ის ამბობს, ამ ერთხელაც ამირჩიეთ და არსებული პრობლემები დავძლიოთ ერთადო“

თურქოლოგის შეფასებით, ერდოღანის გადაწყვეტილებები სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, ამომრჩევლის შენარჩუნების მცდელობაა.

„ერთ მხარეს არის ერდოღანი, რომლის პოლიტიკასაც ჩვენ კარგად ვიცნობთ როგორც შიდა, ისე საგარეო მიმართულებით - ბოლო წლებში დავინახეთ, რომ მას საკმაოდ აქტიური და აგრესიული საგარეო პოლიტიკა ჰქონდა: თურქეთი აქტიურია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, გამოდის მედიატორად, თუმცა, ამავე დროს უკრაინას აწვდის შეიარაღებას; თურქეთი აქტიური იყო ყარაბაღის ომში და ცალსახად აზერბაიჯანის მხარეს იკავებდა; თურქეთი სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს სირიასა და ერაყში, რასაც ბევრი სკანდალი და კრიზისი მოჰყოლია მოკავშირეების მხრიდან და არა მარტო; თურქეთი აქტიურია სხვადასხვა რეგიონში...

ეკონომიკის შემთხვევაში, ერდოღანს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ან პროგრამა არ აქვს, თუმცა მოსახლეობას ჰპირდება, რომ ამ ერთხელაც ამირჩიეთ და ის პრობლემები და კრიზისები, რაც არის, უნდა დავძლიოთ ერთადო. თუმცა, კონკრეტულად რა ნაბიჯებია, ეს არ არის ახსნილი“, - ამბობს ოსმანლი და დასძენს, რომ ერდოღანის მხრიდან უფასო გაზის დაპირება თუ მინიმალური ხელფასის გაორმაგების შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობაში მის მიმართ დადებითი განწყობის შენარჩუნების მცდელობაა.

ოპოზიციის მთავარი გზავნილი: - „ამომრჩეველს ჰპირდებიან, რომ მეტი ხმის გაგონება იქნება შესაძლებელი პარლამენტიდან“

ქამრან ოსმანლი ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია თურქ ხალხს მეტ დემოკრატიას ჰპირდება.

„პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევის შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ცვლილებებს შეიტანენ კონსტიტუციაში და ისევ დავბრუნდებით საპარლამენტო რეჟიმზეო. აქ მოსახლეობისთვის მთავარი მესიჯი ის არის, რომ საპრეზიდენტო სისტემა, რომელიც ერდოღანმა ჩამოაყალიბა, ფაქტობრივად ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავს, უნივერსიტეტში რექტორების არჩევნებშიც კი ერევა პრეზიდენტი, იმდენად სუპერ საპრეზიდენტო სისტემა არის, ოპოზიცია კი ამბობს, რომ გადავლენ საპარლამენტო სისტემაში, სადაც იქნება ბევრი პარტია, ბარიერი იქნება დაწეული, რომ წარმომადგენლობა უფრო მაღალი იყოს და ყველანაირი პარტია შევიდეს პარლამენტში - ამომრჩეველს ჰპირდებიან, რომ მეტი ხმის გაგონება იქნება შესაძლებელი პარლამენტიდან.

ეკონომიკის მიმართულებით მათაც არ აქვთ კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა კილიჩდაროღლუ ამბობს, რომ ინვესტიციები უნდა მოიზიდოს ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპული, დასავლური და ამით შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას. ხალხს ჰპირდება, ამირჩიეთ და დასავლეთიდან წამოვიღებ უზარმაზარ ფინანსებსო.

რაც შეეხება საგარეო კურსს, კილიჩდარღლუს გზავნილი არის, რომ თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, გამოვლენ რიგი საგარეო მიმართულებიდან, რასაც ერდოღანი ანიჭებს მნიშვნელობას. მაგალითად, შევწყვეტთ ოპერაციებს სირიასა და ერაყში, გამოვალთ ლიბიიდანო, თუმცა, არის რაღაც საკითხები, რაშიც ერთმანეთს ეთანხმებიან. მაგალითად, ის თემა, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა უკრაინელებთან და რუსებთან და სტამბოლი უნდა გახდეს ის პლატფორმა, სადაც მხარეები შეთანხმდებიან, მარცვლეულის საკითხიც არის, მშვიდობიანი მოლაპარაკებებიც არის და აზერბაიჯანის საკითხიც არის, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ ის მხარდაჭერა და სამოკავშირეო ურთიერთობები, რაც არის, უნდა გაგრძელდეს“, - ამბობს თურქოლოგი.

როგორია ხელისუფლების შეცვლის შანსები? – „სულ რაღაც 1-2 პროცენტიანი სხვაობაა“

ქამრან ოსმანლის თქმით, დიდია ალბათობა, რომ დაპირისპირება მეორე ტურში გადავიდეს და მაშინ, ყველაფერი დანარჩენ ორ კანდიდატზე იქნება დამოკიდებული.

„ეს ძალიან რთული კითხვაა, თურქეთშიც არ იციან, რადგან 20 გამოკითხვა გავრცელდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული და ოცივეში არის სხვადასხვა შედეგი, ერთ შემთხვევაში ქემალი იგებს, მეორეში ერდოღანი და ის სხვაობა, არის ძალიან დაბალი, სულ რაღაც 1-2 პროცენტი. დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური და აქ მნიშვნელობა მიენიჭება გადაუწყეტელ მოსახლეობას, 5-10 პროცენტს და პლუს ნაციონალისტების ხმები, რაც თურქულ არჩევნებში ყოველთვის იყო გადამწყვეტი, ნაციონალისტები კი არიან მესამე და მეოთხე კანდიდატი (მუჰარემ ინჯე და სინან ოღანი) და ვის მისცემენ ისინი ხმას მეორე ტურის შემთხვევაში, ეს იქნება გადამწყვეტი“.

არსებობს თუ არა არჩევნების დღეს სიტუაციის დაძაბვის რისკები? - „ერდოღანი ავტოკრატიისკენ იხრება, მაგრამ არჩევნები ყოველთვის ტარდება ძალიან მაღალ დონეზე“

ქამრან ოსმანლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნების შედეგებმა სიტუაციის დაძაბვა გამოიწვიოს.

„ამის ვარაუდი ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ვერასდროს გაიგებ რა მოხდება, თურქეთი იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფო, მაგრამ თურქეთის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში - მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ იქ არის ავტორიტარული რეჟიმი, არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი დემოკრატიის თვალსაზრისით თურქეთში ყველაზე კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი ავტოკრატიისკენ იხრება, არჩევნები ყოველთვის ტარდება ძალიან მაღალ დონეზე, არის რაღაც უბნებზე დარღვევები, მაგრამ ამდენი წელია ხელისუფლებაშია და ძალიან ბევრი არჩევნები მოიგო, ადგილობრივი, საპარლამენტო და საპრეზიდენტო და არასდროს ოპოზიცია არ გამოსულა პრეტენზიით და შეძახილებით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ხელახალი უნდა ჩატარდესო. ყველაზე მარტივი მაგალითია სტამბოლის მერის არჩევნები, სადაც სულ მცირე სხვაობით, დაახლოებით 20 000 ხმით მოიგო ოპოზიციამ და ამას არანაირი კრიზისი და დაპირისპირება არ მოჰყოლია და ახლაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი დაპირისპირება იყოს“.

დასავლეთის განწყობები - „გაჟონა ვიდეომ, რომელშიც ბაიდენი ამბობდა, ყველა ხერხით შევეცდები, ხელისუფლებას მოვაშორო ერდოღანიო - ამერიკის განწყობა აქედან კარგად ჩანს“

თურქოლოგი აღნიშნავს, რომ აშშ ოპოზიციონერი კანდიდატისკენ იხრება.

„რა თქმა უნდა, ამას არცერთი სახელმწიფო და ლიდერი არ იტყვის პირდაპირ, თუმცა, ჩანს, რომ კერძოდ ამერიკა, მხარს უჭერს და მისი სურვილი არის, რომ პრეზიდენტი გახდეს ქემალ კილიჩდაროღლუ. აშშ-ის ელჩი თურქეთში შეხვდა კილიჩდაროღლუს და რაღაც დაპირებები იყო, რომ ამერიკა დაეხმარებოდა ქემალს არჩევის შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის კუთხით და ასე შემდეგ.

კიდევ ერთი: რამდენიმე წლის წინ, სანამ ჯო ბაიდენი გახდებოდა პრეზიდენტი, გაჟონა ვიდეომ, სადაც ის თაიმსის და სხვა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ხელისუფლებაში მოვალ თუ არა, შევეცდები ყველა ხერხით, რომ ხელისუფლებას მოვაშორო ერდოღანიო. ამას ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა, ელჩიც დაიბარეს. ამერიკის განწყობა აქედან კარგად ჩანს“.

რა სურს რუსეთს? - „ქემალი უფრო დასავლურ-ამერიკულ გზას დაადგება და გამორიცხულია პუტინთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც ერდოღანს აქვს

ქამრან ოსმანლი აღნიშნავს, რომ რუსეთს არ აწყობს თურქეთში ცვლილებები.

„პუტინმა პირდაპირ მხარი დაუჭირა ერდოღანს და Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურის გახსნის დღეს თქვა, ჩვენ გვინდა ამ ხელისუფლების დარჩენაო. რუსეთში ხვდებიან, რომ სანამ ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამარცხდნენ უკრაინაში, თურქეთისნაირი აქტორი სჭირდებათ, რადგან ეს არის ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც ვაჭრობას ახერხებენ და ახდენენ დიპლომატიურ აქტივობას მსოფლიოსთან.

ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კავშირები გაგრძელდება, რადგან რუსული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობა, როგორიც იყო ერდოღანის და პუტინის მიერ ჩამოყალიბებული, ცალკე ირანის ფაქტორი, ცალკე სირიასთან რომ დასხდებოდნენ და რაღაცებზე საუბრობდნენ, ეს სავარაუდოდ და დიდი ალბათობით, მორღვეული იქნება, რადგან ქემალი უფრო დასავლურ-ამერიკულ გზას დაადგება და პუტინთან ასეთი ურთიერთობა გამორიცხულია“.

როგორ აისახება არჩევნები საქართველოზე? – „საქართველოსთან კარგი ურთიერთობების და ამ ხაზის გაგრძელება თურქეთის ინტერესებშია“

თურქოლოგი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არ შეცვლის.

„ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, დიდად არაფერი არ შეიცვლება, რადგან თუ აზერბაიჯანს არ ჩავთვლით, რაც სხვა „ქეისია“, საქართველო ჩვენი რეგიონიდან არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ერდოღანმა წლების განმავლობაში ურთიერთობა არ გააფუჭა. მის გარშემო ყველა სახელმწიფოსთან: სირია, ერაყი, ირანი, საბერძნეთი - ყველასთან ჰქონდა ძალიან ცუდი ურთიერთობები მისი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე.

საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, ვისთანაც შეიძლება ითქვას, აქვს იდეალური ურთიერთობები იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს გახდეს ნატოს წევრი და ა.შ.

იგივე, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი - ეს ერთობლივი პროექტები, ჩვენს ურთიერთობას თურქეთთან აძლიერებს და მომავლის რაღაც პერსპექტივებსაც ხსნის და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დიდად არაფერი არ შეიცვლება, ეს ხაზი გაგრძელდება, რადგან ეს თურქეთის ინტერესებშია. თუ საქართველო არის შენთვის ტრანზიტული სახელმწიფო, სადაც გადის ტვირთები და მილსადენი, თუ ეს გზა ჩაიკეტება, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი თამაშგარე აღმოჩნდება, ამიტომ, საქართველოსთან კარგი ურთიერთობების და ამ ხაზის გაგრძელება, რაც ერდოღანის დროს და მანამდე იყო, ეს გზა გაგრძელდება, დიდი, რადიკალური ცვლილებები არ მოხდება“, - ამბობს ქამრან ოსმანლი.