პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
დონალდ ტუსკმა, ასევე, კონსულტაცია გამართა ქვეყნის თავდაცვის უწყებებთან.
პარალელურად, ბელარუსის საზღვართან პოლონეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი ერთ-ერთი უპილოტო აპარატი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო PAP ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზიანებული დრონი სოფელ ჩოსნუვკასთან ახლოს, მინდორში ჩამოვარდა.
ამ ეტაპზე, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე, პოლონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან.
მისი თქმით, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ნატოს გენერალურ მდივანს ვაცნობეთ მიმდინარე სიტუაციისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც მივიღეთ ჩვენს საჰაერო სივრცეს დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, პოლონეთში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერ დაარღვიეს ობიექტებმა. პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ, საპასუხოდ, მათ და ნატოს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.
Poinformowałem Sekretarza Generalnego NATO o aktualnej sytuacji i działaniach, jakie podjęliśmy wobec obiektów, które naruszyły naszą przestrzeń powietrzną. Jesteśmy w stałym kontakcie.
— Donald Tusk (@donaldtusk) September 10, 2025